განათლება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გიორგი ჭაუჭიძემ მიიღო

თბილისში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული დაასახელეს. წელს საპატიო ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. ის ხუთ ფინალისტს შორის აარჩიეს, რომელიც მარნეულის 2-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

გამარჯვებულს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გადასცა. კონკურსის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა კი ჭაუჭიძეს ფულადი ჯილდოს სახით 10 000 ლარი გადასცა.

საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი თამარ ადამია, ბათუმის 3-ე საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი მაია მენაბდე, სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთინო მერაბიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიები პედაგოგი ნათია კურტანიძე.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გლობალური კამპანია “The Global Teacher Prize” ნაწილია, რომლის მიზანიც წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა, საზოგადოებისთვის მათი წარდგენა და პროფესიის პოპულარიზაციაა.

Facebook Comments