კრიმინალი

ადვოკატი – ჩემი ინფორმაციით, მუმლაძე პოლიციელებმა მკვლელს მიუყვანეს

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, მათ შორის ორი პოლიციელი – ეს ინფორმაცია მედიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მიაწოდა.

კობაიძე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატია. მისი თქმით, გეთაშვილს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

„გეთაშვილი რეალურად დააკავეს 5 ოქტომბერს, დაახლოებით 8-9 საათზე. დაკავების ოქმით ჩვენ გვედავებიან, რომ თურმე ცრუ ჩვენება მივეცით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე. აღნიშნულ საქმეზე უამრავი პროცესუალური დარღვევებია. სამჯერ მაქვს განცხადება დაწერილი, სამჯერ მოვითხოვე მასთან შეხვედრა და საქმის მასალების გადმოცემა და დღემდე არ მაქვს გადმოცემული“, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

მისივე თქმით, მოკლული დავით მუმლაძე და გიორგი გეთაშვილი მეგობრები იყვნენ.

„მანქანით იყვნენ ერთად, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციამ გააჩერა. მანქანიდან გადმოიყვანეს მუმლაძე, დაადეს ხელბორკილი, ჩაისვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს, გეთაშვილს კიდევ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გათიშეს. როცა მუმლაძე დაიკარგა და ოჯახმა პოლიციას მიმართა, დაკითხეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელთანაც ფიქსირდებოდა მუმლაძის მიერ განხორციელებული ბოლო სატელეფონო ზარი. მაშინ გეთაშვილს შეეშინდა და არ უხსენებია ის, რაც პოლიციასთან დაკავშირებით მოხდა. გამოძიება სწორედ ამის გამო ედავება ცრუ ჩვენების მიცემას“, – განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის თქმითვე, პოლიციელებმა გეთაშვილის მანქანა გააჩერეს, გადაიყვანეს იქ მყოფი მუმლაძე.

“ეს არის მკვლელობის საქმე, რომელზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, რომ თითქოსდა მან მიიღო მკვლელობაში გარკვეულწილად მონაწილეობა. მისი მონაწილეობა გამოიხატება იმაში, რომ გარდაცვლილი მიიყვანა კონკრეტულ პიროვნებებთან და იმათ კიდევ მიიყვანეს მკვლელთან. სცენა არის შემდეგი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელები აჩერებენ, გადმოჰყავთ გარდაცვლილი და მიჰყავთ პოლიციელებს. როგორც აღმოჩნდა, მიჰყავთ მკვლელთან. ეს მაქვს ზოგადი ინფორმაცია, როგორიც არსებობს. თუმცა, ჩვენ პროკურატურა გვედავება, რომ ეს ყოველივე ვიცოდით, რომ უნდა მიეყვანა პოლიციასთან და შემდეგ მკვლელს უნდა განეხორციელებინა ეს, რაც აბსურდია და არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, რადგან გარდაცვლილი არის მისი მეგობარი. ჩემი ინფორმაციით, დაკავებულია ეს ორი პოლიციელი და ის, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. მას არ უხსენებია პოლიციელები, რადგან აქ იყო დაშინება, მუქარა, ამიტომ იყო თავის შეკავება, რომ მის ოჯახს საფრთხე არ შექმნოდა. ამიტომ შეიკავა თავი და პოლიციელები არ ახსენა“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

36 წლის დავით მუმლაძის ცხედარი, 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა გამორიყა. გარდაცვლილს სხეულზე 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

Facebook Comments
თეგები