Uncategorized განათლება

სამინისტრო დირექტორებს: ყურადღებით მოეკიდეთ ინკლუზიურ განათლებას

სკოლების დირექტორებისა და რესურსცენტრების ხელმძღვანელების ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, რასაც განათლების სამინისტრო მკაცრად გააკონტრორელბს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ საჯარო სკოლის დირექტორებსა და რესურცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრაზე ირინე აბულაძემ და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ ის პროექტები წარადგინეს და გააცნეს დირექტორებს და ხელმძღვანელებს, რომლებიც რომლებიც  სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიმდინარეობს და იგეგმება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2019 წელს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, არაერთი პროექტი განახორციელა. კერძოდ, მას შემდეგ რაც სპეც.მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, მათი ხელფასი 205 ლარით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში ხელფასები გაეზარდათ საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს.

“2019-2020 სასწავლო წელს პირველად, მინისტრის ბრძანებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უპირატესობა სწორედ ამ კატეგორიის ბავშვებს მიენიჭა. შემუშავდა და დაინერგა ინკლუზიური განათლების საინფორმაციო სისტემა და პროექტი – InclusiveEdu; ჩატარდა 500 -მე საჯარო სკოლის ინდივიდუალური მონიტორინგი; მიმდინარეობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე აქტიური მუშაობა; განახლდა სკოლის ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ინდივიდუალური ასისტენტის სტანდარტი; 2 წლიდან 6 წლის ჩათვლით, შემუშავდა ბავშვის ინტელექტის შეფასების ტესტი; დაინერგა ალტერნატიული და სენსორული კურიკულუმი. განხორციელდა პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოების ანალიზი და არ არსებული ახალი ქართული ჟესტების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სკოლის მოდელში განხორციელდება ინკლუზიური განათლების ინტეგრაცია”, – წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 2020 წლისთვის, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას  აგრძელებს და დაგეგმილია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა სკოლებში ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის განვითარება, სენსორული დარღვევის (სმენა, მხედველობა) მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, FM და ინდუქციული სისტემის დანერგვა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, ჟესტური ენის განვითარება, მცირემხედველი მოსწავლეების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა; მოსწავლეების სტუდენტების ბრაილის და ხმოვანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, სსსმ მოსწავლეებისთვის არსებული დამატებითი მომსახურებების განვითარება და გამრავალფეროვნება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაზე მუშაობა, სპეციალური მასწავლებლები სერტიფიცირება, ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების სისტემის გამართვა და დანერგვა, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე სსსმ სტუდენტების განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა, განათლების მიღმა დარჩენილი პირებისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფა, განათლების სისტემაში სოციალური პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა. ასევე სამინისტრს ცნობით, მიმდინარეობს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ახალი დაფინანსების მოდელზე მუშაობა, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება.

Facebook Comments