უცხოური მედია

ვიეტნამში 11 ნარკომოვაჭრეს სიკვდილით დასჯიან

ვიეტნამში სასამართლოებმა ერთი დღის განმავლობაში სიკვდილით დასჯის განაჩენი 11 ნარკომოვაჭრეს გამოუტანეს, კიდევ 3 ნარკომოვაჭრეს კი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Vietnam Express-ი ავრცელებს.

მისი ცნობით, ქალაქ ხოშიმინის სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა კრიმინალური დაჯგუფების რვა წევრს, რომლებსაც ქვეყანაში „მძიმე“ ნარკოტიკები, მათ შორის ჰეროინი შეჰქონდათ. მათ კიდევ ერთ თანამზრახველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ამავე დღეს სონ ლას პროვინციის სასამართლომ უმკაცრესი განაჩენი გამოუტანა. კიდევ 3 ნარკომოვაჭრეს. დაჯგუფების კიდევ ორ წევრს სამუდამო, ერთს კი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ერთ-ერთი დაკავებულის სახლიდან პოლიციამ 7,6 კილოგრამი ჰეროინი და ამფეტამინი ამოიღო.

ვიეტნამში ნარკოდანაშაულის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთი უმკაცრესი კანონმდებლობა მოქმედებს. სიკვდილით დასჯა 600 გრამი ჰეროინის ან 2,5 კილოგრამი სხვა აკრძალული ნივთიერების შენახვისთვის და 100 გრამი ჰეროინის ან 300 გრამი სხვა ნარკოტიკის გავრცელებისთვის არის გათვალისწინებული.

Facebook Comments