საზოგადოება

ათასობით ადამიანი, ვინც განათლება უცხოეთში მიიღო, სახლში ზის და ხედავს, რომ თადუმაძეა პრივილეგირებული

შალვა თადუმაძეს პრეტენზია რომ ჰქონდეს ბიზნესსაქმიანობაზე, ჩვენ მასთან არანაირი პრობლემა არ გვექნებოდა,-ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ტვ-პირველთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ცუდი სიგნალი გაუგზავნა იმ ათასობით ადამიანს, ვინც უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, განათლებას საზღვარგარეთ იღებს და ახლა უმუშევარი ზის სახლში.

„შეგახსენებთ, მარკ ცუკერბერგი, ფეისბუქის დამფუძნებელი და პატრონი არის უნივერსიტეტიდან გაგდებული, გარიცხულია ჰარვარდიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში, შალვა თადუმაძეს უკვე უკავია ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა და აქვს პრეტენზია, დაიკავოს სხვა უმაღლესი საკანონმდებლო თანამდებობა, რასაც აღმოჩნდა, რომ მოეთხოვება მაღალი აკადემიური ცენზი. თან ნობელის ლაურეატობა და სამეცნიერო აკადემიის წევრობა კი არ მოეთხოვება, არამედ ელემენტარული, რაღაც საფეხურების განათლება. ისმის კითხვა, რა რესურსი გვაქვს ქვეყანაში, და მინდა შედარება მოვიყვანო: ადამიანს მესამე უმაღლეს თანამდებობაზე აქვს პრეტენზია და მისი საბაკალავრო დიპლომი არის კითხვის ნიშნის ქვეშ. შარშან კი, საქართველოს უნივერსიტეტებმა გამოუშვეს 241 დოქტორი, წელს- 295. საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაემგზავრა 565 ადამიანი, წელს- 582. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი აკადემიური რესურსი. რას უსვამს ხაზს  ქართული ოცნება, როდესაც შალვა თადუმაძეს საქციელს ახალისებს- იმას, რომ ის 300 დოქტორი, ათასობით ბაკალავრი და ათასობით ადამიანი, რომელიც  უცხოეთში იღებს განათლებას, არაფერს ნიშნავს და ის ხალხი, რომელმაც ისწავლა, იშრომა,  ახლა კი ზის სახლში, ხედავს, რომ შალვა თადუმაძე არის პრივილეგირებული და დაწინაურებული. მას ხომ ამ ქვეყანაში არაფრის გაკეთება აღარ მოუნდება, ეს სიგნალი მადარდებს, თორემ თადუმაძეს ექნება თუ არა დიპლომი, მთავარი ეს არ არის“,-აცხადებს ანა დოლიძე. 

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni