სამართალი

სარალიძეს შსს-ში მოზარდებს შორის მიმოწერაზე Facebook-იდან მიღებული ინფორმაცია გააცნეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ ადვოკატთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა უკვე დატოვა. უწყებაში მას მოზარდებს შორის სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერის დეტალები გააცნეს.

როგორც ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განმარტა, მოზარდებს შორის მიმოწერა 3 დეკემბრით თარიღდება, თუმცა, მისთვის უცნობია, რატომ არ გადაეცა Facebook-ისგან ქართულ მხარეს 1 და 2 დეკემბრის მიმოწერა, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.

მისივე განმარტებით, მიმოწერის მიხედვით დგინდება, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე მსჯავრდებულები ხორავას ქუჩაზე მიხეილ კალანდიას ინიციატივით მივიდნენ. განმარტებით ბარათში კი არ არის ნათქვამი, რატომ არ გადმოეცათ პირველი და ორი დეკემბრის მიმოწერა.

საუბარია იმ მიმოწერაზე, რომელშიც 33 მოსწავლე მკვლელობის შემდეგ არსებულ ვითარებას განიხილავს. ამ ინფორმაციის მისაღებად, ქართულმა მხარემ კომპანია Facebook-ს მიმართა. 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავალი დაზიანებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

Facebook Comments