პოსტები სოციალური ქსელიდან

ქალმა გაშალა თავისი მხრები, შუბლი მიაბჯინა მგზავრს და ნახევარი მარშრუტკა გარეთ გადაცვივდა

,,დღეს პიკის საათებში, საღამოს 6 საათზე, თავისუფლების მოედანზე ჩავჯექი N6 სამარშრუტო მიკროავტობუსში.
ბოლო გაჩერებაზე ჩავჯექი, ხალხი ბევრი იყო და ყველა მოუწესრიგებლად სხდებოდა მანქანაში. მე ვიყოჩაღე, გადავუარე მოხუცებს, ინვალიდებსა და ორსულ ქალებს, და ადგილი დავიკავე. ფანჯარასთან ვერ მოვახერხე დაჯდომა, ვიღაც ძალიან დიდი გაბარიტების ქალმა ბოლო მომენტში მკერდი მოიქნია და დაჯდომა დამასწრო.
არაუშავს, მაინც ვიჯექი, დანარჩენები იდგნენ, თანაც საკმაოდ ვიწროდ.
მანქანა დაიძრა.

ყოველ მოსახვევში მიკროავტობუსს ახალ-ახალი მგზავრები აჩერებდნენ და მძღოლიც სიამოვნებით უჩერებდა. მანქანა ივსებოდა და ივსებოდა. მე უკვე დიდი გაბარიტების მეზობელ ქალს ისე ვიყავი შეზელილი, რომ პატიოსანი კაცი რომ ვყოფილიყავი, ცოლად უნდა მომეყვანა.
კიდევ კარგი პატიოსნების მე არასდროს არ მწამდა.
მანქანა კი ივსებოდა და ივსებოდა.
მხარზე ვიღაცამ ფეხი დამადო.
-ვაიმე-ვთქვი მე, შევეცადე ის ფეხი მომეშორებინა, მაგრამ ამაოდ. ერთი მგზავრი დიდი ჩემოდნით შემოეტენა და ის ჩემოდანი მუხლებზე დამადგა.
-ვაიმე- ვთქვი მე, რადგან ჩემოდანი მძიმე იყო.
-ხო არ გაწუხებთ?-ჩამჩურჩულა ჩემოდნის პატრონმა.
-არა, რას ბრძანებთ-დავიკნავლე.
-მსხალია ჩემოდანში-თქვა მგზავრმა-ვილიამსის ჯიში, შვილიშვილებს ჩამოვუტანე წითელწყაროდან.
„შვილიშვილები საღვთო საქმეა“-გავიფიქრე-„უნდა მოვითმინო“. გამახსენდა, რომ მსხალი დიდი ხანია არ მიჭამია და უცებ მომინდა.
მანქანა კი ივსებოდა და ივსებოდა.
მარჯანიშვილის მოედანზე არავინ ჩავიდა, სამაგიეროდ ვიღაც ნასვამი კაცი შეეცადა ამოსვლას.

გაიწიეთ უკან!-ყვიროდა ნასვამი და ტანით მგზავრებს აწვებოდა-გაჯეჯილებულან აქ, ხალხი კი ვერ ამოდის. გაიწიეთ! აბა, ყველამ ერთად შეისუნთქეთ!
ხალხმა შეისუნთქა, ნასვამი ამოვიდა და მყრალი ლუდის ოხშივარი დააყენა.
-უნდა ჩავიდე-24-ე სკოლასთან-უცებ თქვა მედიდურად დიდი გაბარიტების ქალმა, მძღოლს გააჩერებინა მანქანა და შეეცადა ჩემს აგლეჯას მკერდიდან.
-ვაიმე-ვთქვი მე და უფრო მივეწებე.
ქალმა გაშალა თავისი მხრები, შუბლი მიაბჯინა უახლოეს მგზავრს და ნახევარი მარშრუტკა გარეთ გადაცვივდა.
და ჩავიდა.
მასთან ერთად მეც ჩავედი, თუმცა დიდუბის მეტროსთან მინდოდა მისვლა.
ქუჩაში დიდი გაბარიტების ქალმა შეიბერტყა სხეული, და მე, როგორც იქნა, გამოვეწეპე და ნელ-ნელა მიწაზე ჩამოვსრიალდი.
მხარზე კი მაინც ვიღაცის ფეხი მედო.
ამ დროს გაჩერებულ მანქანაში ახალწვეულთა ოცკაციანი რაზმი ადიოდა სიმღერით.
. . .
ფისი
უსაფრთხოების ზომები არსებობს ამ ბედოვლათ ქალაქში?
რამდენი მგზავრის გადაყვანის უფლება აქვს მიკრომარშრუტკის მძროლს?
და განა მიშას დროს ასეთი რამ მოხდებოდა?
მძღოლსაც დაიჭერდნენ, მგზავრებსაც დაიჭერდნენ და თვითმხილველებსაც დაიჭერდნენ.
მიკროავტობუსს კი გაასხვისებდა და მიღებული თანხით სპეკტაკლს დადგამდნენ ნაწლავებიან თეატრში. “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით კალანდია

Facebook Comments