პოლიტიკა

“მოვა დრო, როცა პარლამენტიდან ციხეში წახვალთ” – ირმა ინაშვილი გიგა ბოკერიას

მოვა ის დროც ძალიან მალე, როცა პარლამენტიდან ციხეში წახვალთ,- ამ რეპლიკით უპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა “ევროპული საქართველოს” ლიდერს გიგა ბოკერიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. მოსმენაზე ირმა ინაშვილის მიერ განცხადების გაკეთების წინ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ „ქალბატონ ირმას არ ეწყინებოდა, თუკი ბიუჯეტის მოსმენაზე წავიდოდნენ“.

სწორედ ამას მოყვა ირმა ინაშვილის პასუხი: “ვაიმე, ბატონო გიგა, ნუ მომისმენთ, საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, რომ დარბაზში დარჩეთ. პოლიტიკიდანაც თუ წახვალთ ციხეში, ძალიან დამავალებთ. ეგ დროც ძალიან მალე მოვა, გარწმუნებთ მაგაში”,-მიმართა ინაშვილმა ბოკერიას.

ინაშვილმა ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ დიპლომების საკითხი დიდ უხერხულობაში გადაიზარდა.

“შთაბეჭდილება ძალიან მძიმეა, ეს ყველა კანდიდატს ეხება. მგონი, პირველი, მთავარი თემა, რაც არის, დიპლომების საკითხი დიდ უხერხულობაში გადაიზარდა. ყველას მინდა ვთხოვო მომავალშიც, სავარაუდო კანდიდატებს, რომლებიც კანდიდატურებს წარმოადგენენ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ყველა საკუთარი განათლების საკითხს და იმ სტანდარტით წარდგნენ პარლამენტში, საერთოდ მართლმსაჯულების სისტემაში, რა სტანდარტიც ჩვენს სახელმწიფოში აღიარებული გვაქვს”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

marshalpress

Facebook Comments