საზოგადოება

ნაზი ჯანეზაშვილს იგივე ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, რომელიც შალვა თადუმაძემ დაამთავრა

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

“ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ეჭვი შეიტანეს დეპუტატებმა მისი დიპლომის ნამდვილობაში, იყო  ის, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა, 2003 წლიდან  მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი.  ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს.  ისეთი შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა ეს პროცესი, რომ გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს.  შეუძლებელია დიპლომში მითითებული იყოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი 2003 წლამდე”,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე ოპოზიციამ მოითხოვა, თუნდაც ერთი დიპლომი წარმოედგინათ იმ ინსტიტუტის, რომელიც შალვა თადუმაძის არგუმენტით, 2003 წლამდე საგადასახადო რეესტრში იყო დაფიქსირებული შემოკლებით, როგორც თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი.

“მე დავპირდი საზოგადოებას, უმოკლეს ვადაში მომეძიებინა დამატებითი არგუმენტები. გუშინვე  მე და ანრი ოხანაშვილმა გავიხსენეთ კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე  დაამთავრა ეს ინსტიტუტი და მის დიპლომში 2002 წელი ფიქსირდება. ამ ადამიანის სახელი და გვარია ნაზი ჯანეზაშვილი. ქალბატონი ნაზის კვალიფიკაციაში და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი. ასეთი ეჭვის გამოთქმის საფუძველი არ გვქონდა. მან ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც ის იყო კანდიდატი და შემდეგ იყო მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ.  ჩვენთან ერთად  ჩვენმა პატივცემულმა ოპოზიციონერებმაც დაუჭირეს მას მხარი”, – აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

Facebook Comments