ბიზნესი

ფულის დასაბანდებლად ყველაზე მომგებიანი ძვირფასი ქვები დასახელდა

ბოლო წლების მანძილზე ფერადი ძვირფასი ქვების ფასი გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ბრილიანტების, მაგრამ სწორედ ეს უკანასკნელი რჩება კვლავ ყველაზე მიმზიდველად ინვესტიციებისთვის. ამის შესახებ Forbes იუწყება.

კომპანია Knight Frank-ის სპეციალისტები ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბრილიანტი 133 პროცენტით გაძვირდა, ფერადი ძვირფასი ქვები კი, 112-ით, მაგრამ ფერადი ქვების პოპულარობა გაცილებით სწრაფად იზრდება. ანალიტიკოსები გამოყოფენ ლალს, რომლის ფასი ბაზარზე მაქსიმალურად არის გაზრდილი. Gemfields-ის გენერალური დირექტორი, შონ გილბერტსონი აღნიშნავს, რომ 2009 წლიდან კარატი ზურმუხტისა და ლალის ფასმა მსოფლიოში ბრილიანტის ფასს გადააჭარბა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ მალე საპფირი ასევე გადაუსწრებს ბრილიანტს“,-დასძინა მან.

ამ დროისთვის ბაზარზე მთავარი ტენდენციაა ბუნებრივი ქვების სინთეტიკურით ჩანაცვლება. ამავდროულად, ძვირდება ნატურალური ქვების წარმოება: ეს მარაგის ამოწურვისა და ახალი საბადოების ძიებას უკავშირდება. „როდესაც ბაზარი გაჯერდება სინთეტიკით, ნატურალური ქვები კვლავ გაძვირდება“,-დარწმუნებულია იუველირთა გილდიის ასოციაცის დირექტორი, ედუარდ უტკინი.

ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ბრილიანტი შეინარჩუნებს თავის საინვესტიციო მიმზიდველობას. მათი თქმით, ფულის დაბანდება სჯობს ქვებში და არა ნაკეთობებში. 

Facebook Comments