Advertisements

ილია მეორე: ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა უნდა დავაფასოთ

ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს სვეტიცხოვლობა მიულოცა და პიროვნების დაფასებისკენ მოუწოდა.  

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო ჩვენ მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით ჩვენ? უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი. ამ შემთხვევეში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას“, – თქვა პატრიაქმა.

ილია მეორემ სვეტიცხოვლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

„შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღეს არის. მე მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გადაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. დალოცვილი იყავით. ჩვენთან არს ღმერთი“, – ბრძანა პატრიარქმა.

„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. ამ დღესთან დაკავშირებით მცხეთის სხვადასხვა უბნებში სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული