რელიგია

მეუფე ანანია: ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიას

წმიდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ ქართული ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, თუმცა არ აღიარებს.

“ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ. არ ვაღიარებთ სხვა რამეა, მაგრამ მხარს ვუჭერთ. ერს, ნაციას სახელმწიფოს უფლება აქვს ჰქონდეს ავტოკეფალია და ექნება კიდეც. დადგება მაგის დრო. ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება. მაგალითად, ჩვენს ეკლესიას, მხოლოდ აღდგენისთვის, ჩვენ ხომ წაგვართვეს რუსებმა ავტოკეფალია, დასჭირდა ასი წელი, შეიძლება ითქვას, ორი საუკუნე. ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ათეული წლები, მთავარია, უკრაინელმა ხალხმა ეს მოისურვოს”,- განაცხადა მეუფე ანანიამ.

უკრაინის პარლამენტმა 19 აპრილს მხარი დაუჭირა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომესადმი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართვას, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. 

პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და მოცილება რუდიმენტებისა იმ პოლიტიკური პროექტიდან, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიფიქრა და “რუსულ სამყაროდ” იწოდება.

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირა, რასაც რუსული ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს 1686 წელს შეუერთდა.

Facebook Comments