ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ხელისუფლება კონსორციუმს ფინანსური კაპიტალის მოსაძიებლად ვადას წლის ბოლომდე უხანგრძლივებს

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება დღესვე მოვშალოთ, არ ვისარგებლებთ ამ უფლებით, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება კონსორციუმს  2019 წლის ბოლომდე მისცემს შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს ყველა რესურსი პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ფინასური კაპიტალის მოსაძიებლად.

მაია ცქიტიშვილმა  ყურადღება ასევე გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლებამ 2017 წლის აგვისტიდან უკვე 5-ჯერ გაუხანგრძლივა ინვესტორს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები.

“იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ვერც ერთ ოპონენტს, მათ შორის კონსორციუმს და პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და მივცემთ კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე საერთაშორისო ბანკებიდან სახსრები”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

Facebook Comments