პოლიტიკა

სდს – გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო დაცვის შენარჩუნებას არ საჭიროებს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში აცხადებენ, მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება რაიმე გარემოება, რის გამოც გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა.

მათივე განმარტებით, საფრთხეების შეფასება, რის საფუძველზეც დასაცავი პირისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის ან შენარჩუნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება, პერიოდულად ხდება და უშუალოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაში საკითხი დეკემბრამდე კიდევ გადაიხედება.

რამდენად ხედავს ყოფილი პრეზიდენტი მისი დაცვის აუცილებლობას და რამდენად შეიძლება მას დაცვის გარეშე უსაფრთხოების კუთხით პრობლემები შეექმნას, „ინტერპრესნიუსი“ თავად გიორგი მარგველაშვილსაც ესაუბრა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კანონში გაჩენილ ახალ ჩანაწერს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს, პერსონალურად მასზე მორგებულ ცვლილებად მიიჩნევს.

„მე ამას ვუკავშირებ თავიდან ბოლომდე ინსტიტუტის დაკნინების უკვე სტანდარტულ ტრადიციას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს არის უკვე პოლიტიკად ქცეული ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა. რა უნდა მიკვირდეს? კონსტიტუცია შეცვალეს, რათა ჩემთვის რაღაცა ანგარიში გაესწორებინათ და ესეც ბუნებრივია, გაკეთდება. უნდა ჰყავდეს დაცვა ან არ უნდა ჰყავდეს, ეს სხვა თვალსაზრისით გადასაწყვეტია, მაგრამ ამ კონტექსტში მე ამას ასე ვხედავ. მარტო ეს ხომ არ არის?! ყოფილ დეპუტატს თუ აქვს პენსია, ყოფილ პრეზიდენტს რატომ არ უნდა ჰქონდეს და ა.შ. პირველი სერიიდან თუ ვლაპარაკობთ, ეს სხვა არის, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ ზოგადად იქიდან, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა და საითკენაც მთელი პოლიტიკა მიდიოდა, მაშინ გასაგებია ეს კონტექსტი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხება და შესაბამისად, მას დაცვა ეხსნება. მარგველაშვილის შემთხვევაში ეს თარიღი 2019 წლის 16 დეკემბერია, ვინაიდან მას უფლებამოსილების ვადა 2018 წლის 16 დეკემბერს, ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინაუგურაციაზე ფიცის დადების მომენტიდან შეუწყდა.

ამასთან, კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერით, დასაცავ პირებს შესაძლოა, არ მოეხსნათ დაცვა იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გარდა, 2020 წლის ივლისიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღარ დაიცავს ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. სწორედ 2020 წლის ივლისში შესრულდება ერთი წელი, რაც ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უშუალოდ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში და შეუნარჩუნებს თუ მოუხსნის მას სახელმწიფო დაცვას, ესეც მის მიმართ არსებული საფრთხეების შეფასების შემდეგ გადაწყდება.

ინტერპრესნიუსი

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni