პოლიტიკა

გახარია ბიზნესასოციაციებს: ყველა გადაწყვეტილება​ს თქვენი ჩართულობით მივიღებთ

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება. გახარიამ სექტორული და შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში 40 ასოციაციის ხელმძღვანელი მიიღო.

`ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ამავდროულად, ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. გამოწვევა ბევრია – გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდეგ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად, ნელ-ნელა ბიზნესსაც გაახსენოს, რა არის სოციალური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრის გზების მონახვაა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან გადაწყვეტას მოითხოვს, მთავრობის მხრიდან ეფექტურად გადაიჭრება.

„ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ასევე ბიზნესის მხრებზეა ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაში ძირითადი როლი. აქ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქვს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ იქ, სადაც არსებობდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და პრობლემების გადაჭრის კომუნიკაციები, წარვადგინოთ. იქ, სადაც არ არსებობდა, შევქმნათ ახალი. შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან, სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში შეიძლება გადაწყვიტოს მთავრობამ, იქნება გადაწყვეტილი. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე პერიოდში ყველა გადაწყვეტილებას, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილებას თქვენი სრული ჩართულობით მივიღებთ, ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არას“ თქმა, ეს „არა“ უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში „არაც“ პასუხია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში „არას“ ყველაზე დიდხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, აფასებთ დროს. ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments