საზოგადოება

ლელა სიხარულიძის ქალიშვილი, გია გოგორიშვილზე-სხვა ჩემს ადგილზე გიას შეიძულებდა

ოცდაერთი წლის წინ დატრიალებული ეს ტრაგედია დღემდე ახსოვთ. მისი სახელის ხსენება დღემდე სევდას იწვევს. დიდი, სიცოცხლით სავსე მწვანე თვალები და სიმღერები – „სულ ზევით, ზევით“ და „სულ ყველაზე ლამაზი“ – მისი სავიზიტო ბარათებია. 90-იანი წლების ქართულ ესტრადაზე პირველი საკონცერტო შოუ მან გააკეთა. მომღიმარი და ხალისიანი მომღერალი ყველას უყვარდა. ის მუდამ ჩქარობდა, ამიტომაც მისმა ცხოვრებამ ციცინათელას ნათებასავით გაიელვა და 1998 წელს ჩაქრა… ყველას ისევ ისეთი ხალისიანად მომღიმარი ახსოვს, როგორც მაშინ, 36 წლის ასაკში. ლელა სიხარულიძის ქალიშვილი, თამუნა მოსიძე ჰყავს, რომელიც „პრაიმტაიმში“ დედას იხსენებს…

თამუნა მოსიძე: როცა გაიგებენ, რომ ლელას შვილი ვარ, სხვა სითბოთი მხვდებიან, სადაც არ უნდა ვიყო, სამსახურის გასაუბრებაზე თუ ნებისმიერ სიტუაციაში. დედა დღემდე მეხმარება. დედა რომ გარდაიცვალა, რვა წლის ვიყავი. ასაკის მიუხედავად, ყველაფერი კარგად მახსოვს.

თამუნა რომ გააჩინა, ლელა 27 წლის იყო. „ფიზიკურადაც ვგავარ და ემოციურობითაც. დედის არანორმალური სიყვარული მქონდა. ლელასავით არავინ მყვარებია. თითქოს სხვანაირი სიყვარულით მიყვარდა. ყველა ამჩნევდა, როგორ მიყვარდა და ლელამ ეს იცოდა. ერთხელ ღია ცის ქვეშ კონცერტი იყო და სცენაზე შუშხუნები ფეთქდებოდა. ლელას გამოსვლის დრო რომ დადგა, მერაბ სეფაშვილს და კაკო ვაშალომიძეს ვთხოვე, არ ააფეთქოთ, დედა რომ გამოვა, გული არ გაუხეთქოთ-მეთქი. კაკომ მკითხა, რატომ გიყვარს დედა ასეო?

რაღაც სუნი რომ აქვს, იმიტომ-მეთქი. ვამბობდი – მე ყველაზე მაგარი და ლამაზი დედა მყავს-მეთქი. ვერ ვპატიობდი იმას, რომ საჭმელს არ მიკეთებდა, სკოლაში არ მივყავდი. მამას რომ გაეყარა, მე ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობდი. თუ მეტყოდა გამოვალო და ვერ გამოვიდოდა, მწყინდა. მაგრამ რომ დავინახავდი, უკვე მავიწყდებოდა. სულ ლელას დეფიციტი მქონდა. სკოლაში რომ მომაკითხა, მახსოვს, იმიტომ, რომ ეს იშვიათობა იყო. არ იცოდა რომელ საკლასო ოთახში ვიყავი. შემოაღო კარი, გაკვეთილი მქონდა და იკითხა – ჩემი შვილი აქ არისო? მასწავლებელი არ იცნობდა, ვისი მშობელი ხართო, ჰკითხა. სახლშიც ხმაურიანი შემოსვლა იცოდა, სიმღერას ოთახში შემოსული ამთავრებდა. ფილარმონიაში თავის კონცერტზე ჩემი მეგობრები დაპატიჟა. მახსოვს, რუსული სიმღერა იმღერა, სტაფილოსფერი ყვავილებიანი კოსტიუმი ეცვა და თავი გამოვიჭირე, რომ ვამაყობდი მისით. მის პოპულარობას ვერ აღვიქვამდი, მაგრამ დედაჩემია-მეთქი, ყველგან ამაყად ვამბობდი. იმის ნაცვლად, რომ პატარას დამეძინა, დედას ღამღამობით ჯაზ-კლუბებში დავყავდი. მიდი, დე, იცეკვეო და მაცეკვებდა. სარკესთან უყვარდა დგომა. დადგებოდა და სხვადასხვა ტანსაცმელში მღეროდა. მავნე ჩვევა ჰქონდა, ფრჩხილებს იკვნეტდა. ერთხელ ფილარმონიაში კონცერტი უნდა ჰქონოდა, მითხრა, ახლა წავალ, თმას გავიკეთებ და მოვალო. გრძელი ფრჩხილებით დაბრუნდა. ისე უხდებოდა… ძალიან ბავშვური იყოო, ბიცოლაჩემი ამბობდა ხოლმე. მშვიდსა და სერიოზულს ვერასდროს ნახავდით. მეგობრებშიც, ჭამაშიც, სიმღერაშიც და სიყვარულშიც არანორმალური იყო. ემოციურს და ფეთქებადს სულ ეჩქარებოდა. არანორმალური ურთიერთობა გვქონდა. ტოლივით მელაპარაკებოდა. დე, ხომ იცი, დღეს კონცერტი მაქვსო, მიხსნიდა.

რატომღაც თავის ფოტოებს ადიდებდა. ბიძაჩემის სახლში მეგობრებთან ერთად ქეიფის დროს ასეთი რამ თქვა – რომ მოვკვდები, ამ სახლიდან თეთრი სასახლით გამასვენეთო. სურვილი ავუსრულეთ.“

„მამა სულ ლელაზე მელაპარაკება“

მომღერალს ერთადერთი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ბესო მოსიძისგან ჰყავს. მათი გაყრის დეტალებს თამუნა დღემდე იკვლევს.

„როცა დედა და მამა გაიყარნენ, სამი წლის ვიყავი. მათი კონფლიქტი მე არ მახსოვს. სხვათა შორის, ლელას ბავშვობის მეგობრებს დღემდე ვეკითხები – არ უყვარდათ ერთმანეთი-მეთქი? ყველა მპასუხობს, ძალიან უყვარდათო. ერთხელ ლელა სკოლაში დავიბარე, საღამოს კრება გვაქვს და მოდი-მეთქი. ხშირად რომ არ ეცალა და შეიძლებოდა არ მოსულიყო, ამიტომ მისგან დამოუკიდებლად მამაც დავიბარე. ორივე მოვიდა! ვერ გეტყვით, ეს რამხელა ემოცია იყო ჩემთვის. დედა ისე ჩაეხუტა მამას და ისე ელაპარაკა, მეგონა, შერიგდებიან-მეთქი. ზაფხულობით ბაბუასთან და ბებიასთან ერთად გურიაში, სოფელში ვისვენებდი. ერთხელაც კარი გაიღო და დედა და მამა ერთად შემოვიდნენ. წარმოიდგინეთ, 5 საათი მარტო, ერთად იმგზავრეს, მეგონა შერიგდნენ. მაგრამ არა. ეტყობა ვერ უგებდნენ ერთმანეთს, თორემ ოჯახი რომ სიყვარულით იყო შექმნილი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ცოტა ხნის წინ წელიწად ნახევარი მამასთან მადრიდში ვცხოვრობდი. რომ ჩამოვედი, სწავლა გავაგრძელე. მამა იქ მუშაობს და მასთან ჩავდივარ. ოჯახი არ ჰყავს. დედას ძალიან მამსგავსებს. სულ ლელაზე მელაპარაკება. სასაფლაოზე ერთად დავდივართ. ბრაზობს, ნეტა დედა გყოლოდა გვერდითო. ხშირად მეუბნება, ნეტა, მე არ ვიყო და დედა გყავდესო.“

„სხვა ჩემს ადგილას გიას შეიძულებდა“

ოჯახის დანგრევის შემდეგ ლელა სიხარულიძის ცხოვრებაში გია გოგორიშვილი გამოჩნდა. წყვილს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდა. გიას მაშინ ცოლი ჰყავდა…

„ლელას გია ძალიან უყვარდა. ამის მომსწრე ვარ. დედა ძალიან მიყვარდა და ეგოისტურად განვეწყვე – ვინ არის? რა უნდა-მეთქი? სულ ვეკითხებოდი გიაზე. გიამ გამომიარა, უნდა წავიდეო, რომ ამბობდა, ვბრაზობდი. როცა გავიცანი, მომეწონა. მოგვიანებით შემიყვარდა კიდეც. მერე დედა გიასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

მე ბებია-ბაბუასთან დავრჩი და დედასთან სამი დღე მივდიოდი -პარასკევი, შაბათი და კვირა. ერთად დაახლოებით ოთხი წელი იცხოვრეს. მე მესმის მათი სიყვარულის. ახლა უფრო და უფრო ვხდები და ვუგებ მათ. დედას მამაც უყვარდა, მაგრამ ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. მაგრამ გია და ლელა უფრო ჰგავდნენ რაღაცით ერთმანეთს.

გია ლელას პროდიუსერი იყო. ბოლო დროს, რაღაც პერიოდი არ მყავდა ნანახი და ესპანეთიდან რომ ჩამოვედი, ვნახე. სახლში რომ მიმიყვანა და დამტოვა, ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს ერთი ადამიანი. ჩვენ ლელა გვაერთიანებს. სხვა ჩემს ადგილას გიას შეიძულებდა.

– ახლა ვისთან ერთად ცხოვრობს გია?

– ოჯახთან ერთად.

– თავის პირველ ცოლთან?

– არ ვიცი. არ მიკითხავს.

„მაშინ ეს სიზმარი ყველას მოვუყევი“

ტრაგედიას, რომელმაც მაშინ სრულიად საქართველო შეძრა, ორი თვით ადრე, რვა წლის თამუნას სიზმარი უძღოდა…

„ზაფხული იყო, აგვისტო. მე და ბებია-ბაბუა გურიაში ვიყავი. ლელას ველოდებოდით, რომ ბათუმში წავეყვანე. ერთ დღეს მოვიდა ნათესავი და გვითხრა, ლელას ხელი დაეწვა და უნდა, რომ დედა

მის გვერდით იყოსო. ბებო მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული იყო

მის თავს. 17 აგვისტო იყო… მანამდე კი, 12 ივნისს, სიზმარი დამესიზმრა – ლელას ხელში ჯვარი ეჭირა, კიბეზე ადიოდა, უცებ ჯვარი გაუვარდა და გატყდა. მაშინ ეს სიზმარი ყველას მოვუყევი…

 სახე არ ჰქონდა დამწვარი. ცეცხლის ალი ჰქონდა ნაყლაპი და ორგანოები დაზიანებული. სხეულის 80 პროცენტის თერმული დაზიანება ჰქონდა. მე ერთი კვირა დედასთან ვერ შევედი, არ მინდოდა დამწვარი მენახა. ემოციურად ცუდად იყო. რომ დამშვიდდა, შემიყვანეს. ეძინა. ისევ შევედი და მორიდებით დავდექი. გადმომხედა. მეშინოდა და ვუცხოობდი… არ უნდა მაკოცოო? ხელში ამიყვანეს და ვაკოცე. „თმა რას

გიგავს, ვინ შეგჭრაო? სად გინდა დასვენებაო?“ – ასეთ განწყობაზე იყო.

ასეთ მდგომარეობაში ინტერვიუებს იძლეოდა. ერთადერთი პრობლემა

ჰქონდა – დამწვრობის რამე კვალი ხომ არ დამეტყობაო? როგორც ვიცი, ნანი ბრეგვაძე დაჰპირდა, საზღვარგარეთ კლინიკაში წაგიყვან და პლასტიკურ ოპერაციას გაგაკეთებინებო. ექიმს უთქვამს, სამ დღეზე მეტს ვერ იცოცხლებსო, დედამ 36 დღე გაძლო… არ უნდოდა სიკვდილი და ექიმთან ერთად იბრძოდა. ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, გონება ბოლომდე არ დაუკარგავს. 36-ე დღეს დაკარგა თუ არა გონება, იმ დღესვე გარდაიცვალა…“

„საკმაოდ შეგნებული ქალი იყო, თავს არ დაიწვავდა“ 

ამ ტრაგედიას ორი ვერსია ახლდა თან. ლელას მიერ საავადმყოფოში მიცემული ინტერვიუს თანახმად, სახლში ის და გია ჩხუბობდნენ. ჩხუბისას ხელიდან გაუვარდა გენერატორი, ხალიჩაზე ბენზინი დაიღვარა და უცებ გაჩნდა ცეცხლი. გარეთ გამოვარდნენ, მაგრამ ლელა ისევ შებრუნებულა, მინიდისკების გამოსატანად, რომელზეც სიმღერები და ფონოგრამები ჰქონდა ჩაწერილი. მაშინ დამწვარა, ვერ გამოუსწრია. მეორე ვერსიის თანახმად, გიამ თავის ცოლთან დაბრუნება გადაწყვიტა, ამიტომ იჩხუბეს და ლელამ თავი დაიწვაო…

„არა მგონია ლელას თავი დაეწვა. თავისი თავი ძალიან უყვარდა. თანაც მაშინ ყველაზე ბედნიერი იყო. ბოლო დაბადების დღეზე, პირველ ივლისს, ანუ ტრაგედიამდე თვენახევრით ადრე, ხმამაღლა გამოაცხადა – ყველაზე ბედნიერი ვარ და რამე ცუდი არ დამემართოსო. პოპულარობის

ზენიტში იყო, ვყავდი მე, გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი, ყველას უყვარდა… საკმაოდ შეგნებული და ჭკვიანი ქალი იყო, თავს არ დაიწვავდა, ზუსტად ვიცი, ბენზინს არ გადაისხამდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემთხვევითობა იყო. დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მასთან გავარკვევდი.

ახლა აზრი არა აქვს კითხვას, რა მოხდა. ვიცი კამათი იყო, რაზე – არ ვიცი, არც მინდა გავიგო. შემიძლია იმ ადამიანს ვკითხო, ვინც იქ იყო იმ დროს, ანუ გიას, მაგრამ არ ვეკითხები.“

მეორე ტრაგედია

– რა ხდებოდა ტრაგედიის შემდეგ?

– როცა დედა გარდაიცვალა, მამას უნდოდა მასთან წავეყვანე. ბაბუამ არ გაატანა ჩემი თავი. სთხოვა, ლელა არ გვყავს და თამუნა ჩვენთან იყოსო. მამამ „დამთმო…“

ძალიან ცუდი ბავშვი გავხდი. ჩავიკეტე, ჩუმად ვტიროდი. ბებოსთან და ბაბუსთან არ მივსულვარ და არ მითქვამს, დედა მენატრება-მეთქი. სახლში არავინ რომ არ იყო, მაშინ ვიწყებდი დედაზე დარდს და ტირილს.

დღემდე განვიცდი უდედობას. ეს ადამიანს არ გავიწყდება… ჩემზე პასუხისმგებლობა დედის ძმის ცოლმა, ნინო მოსიძემ აიღო. სხვათა შორის, ლელაც მოსიძეს გაჰყვა ცოლად და მისმა ძმამაც მოსიძე შეირთო ცოლად. ნინო მთლიანად ჩემზე გადმოერთო. ყველაფერს მისრულებდა. ყველაფერს აკეთებდა, რომ უდედობა არ მეგრძნო. დედა და ნინო ახლო მეგობრები იყვნენ. სამწუხაროდ, ლელას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ნინო ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ეს ორმაგი ტრავმა იყო ჩვენთვის. მან ორი შვილი დატოვა. ჩემი და-ძმაა. ბაბუაც გარდაიცვალა.

ახლა მე და ბებო ვცხოვრობთ ერთად. არ არის კარგად, ყველაფერი აწუხებს. ვცდილობ, მარტო არ დავტოვო. ესპანეთში ამიტომ არ ვრჩები. ბიძა მყავს, მაგრამ ბებიას ჩემს მიმართ სხვა გრძნობა აქვს. ზოგჯერ ეშლება და ლელას მეძახის. მერე გაასწორებს, ლელა კი არა, თამუნაო.“

„ცოტა სევდიანი ვარ, თუმცა ამას ვერავინ მამჩნევს“

„ადრე ყოველ ღამე მესიზმრებოდა და სულ ვამბობდი, გუშინ ლელასთან ერთად ვიყავი-მეთქი. ახლა მესიზმრება წამიერად და ვიცი, რომ მეორე დღეს არასასიამოვნო რამე უნდა მოხდეს.

ზოგჯერ მინდება მის სიმღერებს მოვუსმინო. მარტო სიმღერა კი არა, ვიდეოებს ვრთავ და ვუყურებ, სადაც ლაპარაკობს და რაღაცას ყვება. ხმას ვიხსენებ. ერთი კარგი ვიდეოა. გოგი დოლიძეს უზის კალთაში, უკრავენ და მღერიან. ხანდახან ვმღერი მის სიმღერებს, სამეგობრო წრეში. მინდოდა მომღერლობა და ლელას ვბაძავდი, მაგრამ თვითონ თვლიდა, რომ ცეკვა უფრო გამომდიოდა, ვიდრე სიმღერა. მეც მივხვდი, რომ სიმღერა არ იყო ჩემი.

დედა ძალიან განსხვავებული მომღერალი იყო. პირველი შოუ მას ჰქონდა. დღესაც ისეთივე კაშკაშა იქნებოდა, როგორც მაშინ. მოხუცი ვერავის წარმოედგინა… ესთეტი იყო… ბოლოს ძალიან გალამაზდა.

მე სამსახურის შემდეგ სულ მეგობრებთან ერთად ვარ. იმ დიდ დანაკლისს მათთან ურთიერთობით ვივსებ. ზუსტად ვიცი, დედა რომ მყოლოდა, მასთან მეგობრული ურთიერთობა მექნებოდა. ბევრი რამ მაკლია, ბედნიერი ვიქნებოდი. ცოტა სევდიანი ვარ, თუმცა ამას ვერავინ მამჩნევს.“

წყარო:primetime

Facebook Comments