ლევან ახვლედიანი: მზად ვართ ანაკლიის პროექტზე პარლამენტში ვისაუბროთ

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს პარლამენტარების მიწვევა და პროექტზე სასაუბროდ პარლამენტში მივიდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით უნდა მოხდეს.

“ანაკლიის კონსორციუმი ჩვენი ვალდებულების ფარგლებში, მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში და ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მისი მნიშვნელობის შესახებ. ჩვენ ჯერ არ ვიცით მთავრობის პასუხი, სასურველია ეს ჩვენი და სამინისტროს მხრიდან ერთობლივად მოხდეს. ვფიქრობ, ეს უფრო საქმიან ფორმატს შესძენს პროცესს”,- განაცხადა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, კონსორციუმი მზადაა პროექტის წინაშე არსებულ ყველა პრობლემაზე მთავრობასთან ერთად იმუშაოს, რადგან ცალკე კონსორციუმი ამ გამოწვევებს თავს ვერ გაართმევს.

ამ დროისთვის უცნობია აპირებს თუ არა მაია ცქიტიშვილი პარლამენტში მისვლას.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პროექტზე სასაუბროდ ღია შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა გუშინ მიიწვიეს.

Facebook Comments

ახალი დადებული