ალექსანდრე მაკედონელი კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებით, მწვავე პანკრეონეკროზით გარდაიცვალა, ,-ამის შესახებ გამოცემა Greek Reporters საბერძნეთის არისტოტელეს უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით იუწყება.
„დასაწყისში სიმპტომები ხასიათდებოდა ნოყიერი საკვებისა და ღვინის მიღების შემდეგ, მუცელში მწვავე ტკივილებით, რომელსაც თან ახლდა ტემპერატურის მატება და 14 დღის განმავლობაში მდგომარეობის დამძიმება“,-ნათქვამია ბერძენი მეცნიერების კვლევაში.
კვლევის ავტორის, მედიცინის დამსახურებული დოქტორის, პროფესორ თომას გერასიმიდისის თქმით, ალექსანდრე მაკედონელს მწვავე პანკრეონეკროზის ნიადაგზე სეფსისი განუვითარდა. აღნიშნული დაავადება მხედართმთავარს ალკოჰოლისა და მძიმე საკვებისკენ მიდრეკილების გამო გაუჩნდა.
დასკვნა მეცნიერებმა ანტიკური ხანის ისტორიკოსების მიერ მაკედონელის ბოლო დღეების აღწერისა და მისი დაავადების სიმპტომების მიხედვით გამოიტანეს. ამასთან მეცნიერებმა უარყვეს მეფის გარდაცვალების ადრე არსებული ვარაუდები: მალარია, ტიფი, პნევმონია.
ალექსანდრე მაკედონელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 336-323 წლებში მეფობდა. თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მან დააარსა 70 ქალაქი და დაიპყრო სპარსეთის სამეფო. ის ბაბილონში გარდაიცვალა.