ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 სესია თბილისში გაიმართება

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ კიევში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ახალი თანაპრეზიდენტები ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და უკრაინის რადას დეპუტატი ივან კრულკო ჰყავს. ბიუროს სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. 

ბიუროს წევრებმა ასამბლეის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, განიხილეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის მოსამზადებელი სამუშაოები. თამარ ხულორდავას ინიციატივით, ბიუროს სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს.

„აღინიშნება აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე, რომელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მოამზადა რეზოლუცია. აუცილებლად მიმაჩნია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ იმუშაოს და მიიღოს ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და მნიშვნელოვანია, რომ ეს მიღებული იქნას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, რომელიც 2020 წლის მაისში გაიმართება“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა მერვე პლენარული სხდომის დღის წესრიგი, რომელსაც 8-10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები მოიწვიეს.

Facebook Comments

ახალი დადებული