ტექნოლოგია

გორში 50 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური აშენდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას მიმდებარედ 50 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური აშენდება, რომელიც დამატებით 200 მილიონ კილოვატ საათს გამოიმუშავებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქარისა და მზის ენერგიის განსავითარებლად, კიდევ რამდენიმე პროექტია გამზადებული, რომელიც მთავრობას ეტაპობრივად წარედგინება.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამარტო იმიტომ რომ ადგილობრივ რესურსზე დამყარებული ელექტროენერგია იქნება, არამედ იმიტომ რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უფრო მწვანე დივერსიფიცირებული, განახლებადი ენერგოსექტორის დამკვიდრებისკენ. ენერგოსექტორის განახლებადი ნაწილი არის დღეს ძირითადად ჰიდროსადგურებით წარმოდგენილი, თუმცა თანამედროვე სამყაროში უნდა იყოს დივერსიფიცრება და ვისწრაფვით განვავითაროთ ქარისა და მზის ენერგია. კიდევ რამდენიმე პროექტი გამზადებული გვაქვს და თანმიმდევრულად წარმოვადგენთ მთავრობაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ “ნიგოზას” პროექტი წარმატებით განვითარდება და ამის თქმის საფუძველს რამდენიმე ფაქტორი მაძლევს. პირველი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და აღარ გვაქვს ფუფუნება, ძალიან ხანგრძლივად გაიწელოს ნებისმიერი განახლებადი ენერგიის პროექტი, რადგან იცით, რომ მოთხოვნა იმატებს, დეფიციტი იმატებს, იმპორტი იმატებს და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა ჰიდრო იქნება თუ ქარის, ძალიან სწრაფად განვავითაროთ. მეორე ფაქტორია, რომ ეს არის სწორედ ქარი და არა ჰიდრო, ჩვენ დამატებით ვართ დაინტერესებულები, რომ განახლებადი ენერგია ჩვენთან არა მხოლოდ ჰიდრო სადგურებით იყოს წარმოდგენილი, არამედ ქარითაც და მზითაც და ჩვენი ამბიციაა, რომ დავაჩქაროთ ეს პროექტები. აქ სერიოზული დაინტერესებული ინვესტორი არსებობს, ვინც კვლევებში იყო ჩართული და ეს არის თურქული კომპანია “ჩალიკი”, ვისთანაც წარიმართება უკვე მოლაპარაკებები ამ ფონზე და აქედან გამომდინარე ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში მაძლევს რწმენას, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად აშენდება”,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

Facebook Comments