დავით ზალკალიანი: ვიდრე ქართველ ხალხს ევროპის სჯერა, განვაგრძობთ მის კარზე კაკუნს

“ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნად დარჩება მანამ, სანამ ქართველ ხალხს სჯერა ევროპის. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ევროპის კარზე კაკუნს“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროპასთან თანმიმდევრული ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირების პროექტია, რომელიც საქართველოს ევროპეიზაციის პროცესს შეუქცევადს ხდის.

ამ კონტექსტში, მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და წარმატებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველომ ხელი მოაწერა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელ დოკუმენტს – ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ამასთან, ამოქმედდა ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური წარმატება და ხელშესახები შედეგია თითოეული მოქალაქისთვის.

„დღევანდელი საქართველო მკვეთრად განსხვავდება 10 წლის წინანდელი საქართველოსგან. ევროპული ქვეყნებისთვის საქართველო დღეს არა მხოლოდ მეზობელი, არამედ სტრატეგიულო პარტნიორიცაა“ – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, გადადგას უფრო მეტი ნაბიჯი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.

“სწორედ ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ შემუშავებეული კონცეპტუალური დოკუმენტი „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა“. კიდევ ერთ ამბიციურ მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა, რაც საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს”,- აღნიშნა მინისტრმა. 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, რეფორმების პროგრამის განხორციელება საქართველოსგან დაუღალავ ძალისხმევას მოითხოვს.

„მომავალში ჩვენ უფრო ფლექსიურები, დინამიურები და მომავალზე ორიენტირებულები უნდა გავხდეთ. ამასთან, ევროკავშირის კანონმდებლობის ყველა შესაბამისი ელემენტის პრაქტიკაში განსახორციელებლად ჩვენ არა მარტო სურვილი, არამედ ქმედითი შესაძლებლობები გვჭირდება“ – განაცხადა ზალკალიანმა. 

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

Facebook Comments

ახალი დადებული