ანრი ოხანაშვილი 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე: ჩვენი კულტურით, ტრადიციით განზრახ მანიპულირება არ უნდა მოხდეს

Nusagi

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კინოთეატრებთან 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, თუმცა დეპუტატი აქვე ამბობს, რომ ეს არ არის აბსოლუტური უფლება.

ამასთან, ანრი ოხანაშვილის თქმით, ქართული კულტურით, ტრადიციებით მანიპულირება არ უნდა მოხდეს.

“ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლების დაცვა ნებისმიერი იმ ადამიანის, რომელიც გადაადგილდება საქართველოში, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენ ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს ვუფრთხილდებით. ჩვენი, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ამოცანაა, დაიცვან გამოხატვის თავისუფლება. მე ყველას მოვუწოდებ, ნებისმიერ დროს ჩვენ მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ასევე, ისიც მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის აბსოლუტური უფლება და არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს შეზღუდული.

არავის მივცეთ ძალადობის, მუქარის საშუალება, ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება. ამასთან, ერთი რამ არის საფრთხილო, ყველამ გააცნობიეროს ჩვენი კულტურა, ტრადიცია და არ მოხდეს ამით მიზანმიმართული, განზრახ მანიპულირება, რადგან ამან არ გამოიწვიოს მასობრივი აღშფოთება, საზოგადოების შეურაცხყოფა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ეს არის ფასეულობა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მოვუწოდებ ყველა ძალას, პოლიტიკოსები იქნებიან თუ სხვები, არ მოახდინონ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებზე ზემოქმედება, რათა არ მოხდეს მათი გრძნობებით მანიპულირება, მათთვის შეურაცხყოფის მიყენება. იმედი მაქვს, დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის და არავის აქვს უფლება, ვინმეს არ მისცეს ან თავისუფალი გადაადგილების უფლება, ან აუკრძალოს ვინმეს სადმე შესვლა. კონკრეტული სიტუაცია ინდივიდუალურად შეფასებადია და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე მშვიდობიან გარემოში ჩაივლის და არანაირი დაძაბულობა არ შეიქმნება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული მარში”, სასულიერო პირები და ლევან ვასაძე, თავისი მხარდამჭერებით კინოთეატრებში, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩაშლას გეგმავენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: