განათლება

განათლების მინისტრად შესაძლოა მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხილებოდეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

მაია მიმინოშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდეს. ამასთან, ჭკუასელი ამბობს, რომ სამინისტროს შესაძლოა, კულტურის მიმართულება გამოეყოს და მინისტრად ბადრი მაისურაძის კანდიდატურაზე იყოს საუბარი. 

„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შეიძლება, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

„სავარაუდოდ, კულტურის მინისტრი ბადრი მაისურაძე იქნება. მისი კანდიდატურა განიხილება. მოადგილედ მაგიტომ დანიშნეს, რომ თუ სამინისტროს კულტურა გამოეყოფა, ეს ადამიანი დაინიშნება. ბადრი მაისურაძე ძალიან დადებითი ადამიანია, ოპერაში სიტუაცია ძალიან არეულ-დარეული იყო, დაალაგა და ყველას სიმპათია დაიმსახურა. საოპერო ცხოვრება გამოაცოცხლა. შესაძლებლობები აქვს, მსოფლიო დონის ბანი იყო და მთელი მსოფლიო პატივს სცემდა. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს. მის კანდიდატურას მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მიხეილ ბატიაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მთავრობის სხდომის შემდეგ მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწაყვეტილების მიზეზი პირადია და იმედოვნებს, რომ “ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები”.

მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. ის 2012 წლის შემდეგ განათლების სამინისტროს მეხუთე ხელმძღვანელი იყო. 

მაია მიმინოშვილი 2018 წლის 10 სექტემბერს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

Facebook Comments