განათლება

„იმწედია, ამას არ მოყვება პოლიტიკური სპეკულაციები” – ბატიაშვილი წასვლის მიზეზებზე საუბრობს

“ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ბატიაშვილის თქმით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწაყვეტილების მიზეზი პირადია და იმედოვნებს, რომ “ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები”.

“მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა იმ კომპლექსურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით განხორციელდა.

“ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები მთელი სისტემის, განათლების ყველა მიმართულებით და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროფესიონალების იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროში მუშაობს, იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება! ამ ეტაპზე, როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და დასძინა, რომ საკუთარ ენერგიას სისტემას გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით მოახმარს.

“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთიან სამთავრობო გუნდს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩემს დიდ გუნდს სამინისტროში, თითოეულ თანამშრომელს, მათ გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ და რაც მთავარია, უზარმაზარია მათი როლი იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს და გაგრძელდება. დიდი მადლობა ყველას, მასწავლებლებს, ლექტორებს, მეცნიერებს, ექსპერტებს… დიდი მადლობა თქვენ, მედიას, იმისათვის, რომ მუდმივად აშუქებდით ჩვენს პროექტებს”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.

წყარო:იმედინიუსი

Facebook Comments
თეგები