პოლიტიკა

კონსერვატორიამდე არ მისული, მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თინა ხიდაშელი შეგვხვდა – ჩანაწერები ჟურნალისტის დღიურიდან

„ინფო ფოსტალიონი“ გთავაზობთ ჩანაწერებს ჟურნალისტ ნელი ვარდიაშვილის დღიურიდან. ნელი ვარდიაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის მონაწილეა. ჩანაწერების ეს ნაწილი დღეს იმითაც არის საინტერესო, რომ ვარდიაშვილს ჩაწერილი აქვს ოპოზიციის მაშინდელი ლიდერების კომენტარები – რას ამბობდნენ ისინი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაზე და მიხეილ სააკაშვილზე. 

„კონსერვატორიამდე არ ვიყავით მისული, რომ მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თინა ხიდაშელი შეგვხვდა. მასაც სახეზე სოდიან წყალს ასხამდნენ. ლაღიძის ქუჩით რუსთაველზე ჩასვლას შევეცადეთ. პროსპექტზე აღშფოთებული ხალხის დიდი მასა პარლამენტისკენ მიიწევდა. აირწინაღებში და ჯავშანჟილეტებში გამოწყობილი “სპეცნაზელები” კი მათ რეზინის ტყვიებს, გაზის ბალონებს ესროდნენ და უკან ახევინებდნენ. ირგვლივ ბურუსი იდგა, ხალხის გუგუნს სროლისა და შეძახილების ხმა უერთდებოდა. თავბრუდახვეული და გონდაკარგული ხალხი ვიწრო ქუჩებში შერბოდა. მათ მაღაზიებსა და ბინებში ასულიერებდნენ. გაზმა გონება რამდენჯერმე ჩვენც დაგვიბინდა, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლას და “წინა ხაზზე” დაბრუნებას მაინც ვახერხებდით. ბრგე მამაკაცი უგონოდ მყოფ 4-5 წლის გოგონას მოარბენინებდა და გაბზარული ხმით ყვიროდა, ჩქარა, ექიმი, დამეხმარეთო! მოწამლული ხალხი არც სპეცრაზმელებთან და პოლიციელებთან დანებებას აპირებდა და არც მხნეობას კარგვდა. რუსთაველს “საქართველო! საქართველო!”-ს შეძახილები აყრუებდა.

ლაღიძის ქუჩაზე თვალებდაწითლებული, სახეშეშუპებული სასულიერო პირები ამოვიდნენ, ეტყობოდათ, მათაც გაზი ჰქონდათ ნასუნთქი. ხელში რამდენიმე რეზინის შავ ბურთულას ატრიალებდნენ. როგორც გვითხრეს, სპეცრაზმელებს ეს “ტყვიები” მათთვისაც უსვრიათ. მოძღვრები ნივთმტკიცების პატრიარქთან წაღებას აპირებდნენ. მამა დავითმა, სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმა გვითხრა: “რაც ხდება, ყველა თვალნათლივ ვხედავთ. სამწუხაროდ, მთავრობა ძალიან ცუდად იქცევა. ეს ანტიქრისტიანული და ანტიქართულია. ყველაფერს ყიდიან _ შენობებს, ტყეებს, მიწებს, ეკლესიებს ანგრევენ, მამათმავლები ხელისუფლებაში მოჰყავთ. პოლიტიკურ განცხადებად ნურავინ ჩამითვლის, მაგრამ ამას ქვეყნის დანგრევა ჰქვია და სხვა არაფერი. ჩვენი ბრალია ახლა რაც ხდება, რადგან ანტიქართული ძალის მოსვლას ჯერ ხელი შევუწყეთ, შემდეგ ყველაფერი ცალ-ცალკე შევარჩინეთ. ტაძარი დაანგრიეს, მაგრამ ამას ზოგიერთმა გაუგებრობა უწოდა. ეს სისხლისღვრა და უბედურება რომ არ მომხდარიყო და ხალხი შეგვეჩერებინა, სამი მღვდელი წინ გავედით, მაგრამ რეზინის ტყვიები და გაზის ბალონები ჩვენც დაგვიშინეს. ფეხებში გვიფეთქდებოდა და რა უნდა გვექნა? _ გამოვიქეცით”.

ხალხს ბარბაცით მაღალი მამაკაცი გამოეყო და კედელთან ჩაიკეცა. ყელზე ფოტოაპარატი ეკიდა. სოდიანი წყლით ჩვენ მოვასულიერეთ. იგი საქართველოში მცხოვრები ფრანგი, ოღერიან ჟიღოვი აღმოჩნდა. კადრებს ერთ-ერთი ფრანგული გამოცემისთვის აგროვებდა და ამ ქარცეცხლშიც ამიტომ მოხვდა. რუსთაველზე ორომტრიალი და გაუგებრობა, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა.

რიყისკენ . ხალხი ფეხით გარბოდა. მანქანების სიგნალებით იქაურობა გაყრუებული იყო. მომხდარით აჟიტირებული მასა ყვიროდა, “წავიდნენ აქედან, სატანები!”, “სისხლისმსმელებო, მოგვცილდით!” ბარათაშვილის ხიდთან კოლმეურნეობისკენ მიმავალი სამანქანო გზა სპეცრაზს ჰქონდა გადაკეტილი. რიყეზე ხალხმა კონცერტებისთვის მოწყობილი სცენისკენ აიღო გეზი. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი მელაშვილი, შევნიშნეთ და გზა მასთან ერთად გავაგრძელეთ: “ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ცივილიზებულობასთან არანაირი საერთო არ აქვს. როგორც ვიცი, საპროტესტო გამოსვლები საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაიწყო. ამ ყველაფერს ხელისუფლების წევრებისთვის დიდი უბედურება მოჰყვება. მათ სასწრაფოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თორემ ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი. პრეზიდენტი საქართველოდან გაიქცა და რურუა და ბოკერია მართავენ ქვეყანას”, _ გვითხრა მან. დაცვას ნაცემი გუჯაბიძეც მოჰყავდა. ეტყობოდა, კარგად რომ არ იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. გვითხრა, ფეხზე ძლივს ვდგავარ, მაგრამ არ დავეცემი, ამ უნამუსოებს თუ ჰგონიათ, რომ ვინმე წაიქცევა ან ქართველი კაცი ვინმეს რამეს დაუთმობს, ძალიან ცდებიან. იმედი მაქვს, დაინახეს, ასე რომ არაა”. ამ დროს ზვიად ძიძიგურიც გამოჩნდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკითხვის შემდეგ, მომხდარზე კომენტარი ვთხოვეთ, _ მაგრად ვარ, მაგრამ ლაპარაკი არ შემიძლიაო, _ გვიპასუხა.

ლიდერები სცენაზე რომ ავიდნენ, ოთხს ოცი წუთი აკლდა. იქ შეგროვილ მოსახლეობას გამწარებული ხალხი ემატებოდა და ემატებოდა. ისინი რიყისკენ სირბილით მოდიოდნენ, ზოგიც მოედანს მტირალა კლდის მხრიდან გადმოჰყურებდა. ამ დროს ლევან ბერძენიშვილი და ივლიანე ხაინდრავაც გამოჩნდნენ. ამ არეულობისგან ჩვენც ისე ვიყავით გადაღლილები, თავდაპირველად ივლიანე მისი ძმა, პატიმრობიდან იმ წუთებში განთავისუფლებული გოგა ხაინდრავა გვეგონა და ბატონო გოგა, როგორ ხართო, ვკითხეთ, _ “ივლიანე ვარ, მაგრამ გოგაც ძალიან მალე აქ იქნება. იგი თავისუფალია, ცოტა ხმა აქვს ჩახლეჩილი, სხვა არა უშავსო,” _ მოგვიგო. მომხდარზე კომენტარი ლევან ბერძენიშვილს ჩამოვართვით: _ საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ იგი აღარ არის ლეგიტიმური. დღეს მან ყველანაირი ნდობა დაკარგა. საქართველოში ჩატარდა აქცია, რომელიც მასშტაბებით იმეორებს და ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, აჭარბებს კიდევაც აპრილის აქციას. აჭარბებს იმიტომ, რომ მაშინ დარბევას იმპერიის ჯარი აკეთებდა, ახლა კი ქართულმა სახელმწიფომ გააკეთა. ჩემი აზრით, სააკაშვილს გამოსავალი აღარ აქვს. არა მგონია, იგი ქვეყნიდან იყოს გაქცეული, უბრალოდ, წასული იქნება საქეიფოდ. ალბათ, აღნიშნავს, ბევრი ადამიანი რომ გააწვალა და ააცრემლა. 9 აპრილის შემდეგ კომენდანტის საათი გამოაცხადეს, მაგრამ ხალხი რუსის ჯარს არ ეპუებოდა. ქართველი ხალხი ძალადობას ვერ იტანს და არც დაუშვებს. როცა ხელისუფლებამ ამდენიც არ იცის, რა უნდა ელაპარაკო? ჩვენ ძალადობა არ გვინდა, ეს თავად ხელისუფლებამ გააკეთა. მთელმა მსოფლიომ ნახა, სააკაშვილი ვინ არის. რეზინის ტყვიები, რომელსაც ხალხს უშენდნენ, მიშას დიდი ხანია აქვს და დარდით კვდებოდა, რომ ვერ იყენებდა. ხალხს ხელისუფლება ასე რომ გაუსწორდებოდა, ამის წარმოდგენა შემეძლო. როცა ასლან აბაშიძის საკითხი წყდებოდა, მიშა ბათუმის თვითმფრინავებით დაბომბვას გეგმავდა. გავიგეთ, ვისთანაც გვქონდა საქმე და ოპოზიციაშიც ამიტომ წავედით. ” მერე რიყეზე შეკრებილ ხალხს დავით ზურაბიშვილიც შეუერთდა. როგორც გვითხრა, ისიც მოწამლულა გაზით: „საკმაოდ სერიოზულ შეტევაში მოვხვდი. მე, თინა ხიდაშელი და დავით ბერძენიშვილი ნიღბიანების `კედელთან~ ვიდექით, იქ მომდგარი უამრავი ხალხი რომ შეგვეკავებინა, მაგრამ სპეცრაზმელების კორდონის უკან მდგომი ავტომანქანიდან გაზის ბალონების სროლა დაიწყეს. მერე ყველაფერი აირია. ამ ყველაფერს ველოდი. ვისზე და რა ხალხზე ვლაპარაკობთ, თქვენი ჭირიმე. მომხდარის ირგვლივ რა განცხადებებს აკეთებენ. ისევ ბადრი და ერთი მუჭა ოპოზიციონერებიო, გაიძახიან. ქართველი ხალხი ისევ პრეზიდენტის გვერდით მდგარა და ა. შ. შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ. ყველაფერი ასე ადვილად არ დასრულდება. ამას ჩვენ ასლანიზაციის პროცესს ვეძახით. რასაც ის ბათუმში აკეთებდა, იმას აკეთებს სააკაშვილი მთელს საქართველოში და მის მსგავსად დაასრულებს კარიერასაც” .

ოთხს ათი წუთი აკლდა, მომიტინგეებს გოგა ხაინდრავამ რომ მიმართა. ხალხი ყიჟინით და “საქართველო! საქართველო!”-ს შეძახილებით შეხვდა. იქ მდგომნი პრეზიდენტის გადადგომის ვერსიებზე მსჯელობდნენ. ზოგი ფიქრობდა, რომ მისთვის მიმართვა დაეწერათ და ხალხს თანხმობა ხელისმოწერით დაეფიქსირებინა. ზოგიც ისე იყო მომხდარის გამო გაგიჟებული, ამ აზრს არ ეთანხმებოდა და გაიძახოდა, როგორც მოვიდა, ისე წავიდესო. რიყე ხალხით ივსებოდა. რამდენიმე ყავარჯნიანი მამაკაციც დავინახეთ. ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იქ ფეხმძიმე ქალიც იყო მოსული. ბავშვი 3 წლამდე იქნებოდა, _ აქ რამ მოგიყვანათ, ვერ ხედავთ, რა ხდება? _ ვკითხეთ გაოცებულებმა, _ არაფრის არ გვეშინია, ორი უფროსი შვილი ამჟამად სკოლაშია, დაბრუნდებიან და ისინიც აქ მოვლენ. მამაცი ცოლ-ქმარი სამუშიები აღმოჩნდნენ. ოთხ საათზე რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ჩვენი კოლეგა, ნანა ლეჟავაც მოვიდა. ექიმები მოსახლეობას პირბადეებს ურიგებდნენ, რადგან აქაც თუ მოხდებოდა გაზის გაშვება, ამით მაინც რომ დაეცვათ თავი. ხალხი ვიღაცას შემოეხვია და ჩვენც იქით გავიქეცით. კაცს ტანსაცმელი და სახე დასისხლიანებული ჰქონდა. როგორც თავად ამბობდა, პოლიციელებმა ხელკეტები ურტყეს. მას ერთი ფეხი აფხაზეთის ომში ჰქონდა დაკარგული და პროთეზი ეკეთა. გვერდით რუსი მამაკაცი ედგა, რომელსაც ხელის მტევნების პროთეზი ჰქონდა. ისიც აფხაზეთის ომის მონაწილე აღმოჩნდა: “როდიონოვ პლიუს სააკაშვილი, ეტა ადნო ცელაია, ი ბოლშე ნიჩევო. ეტო როდიონოვ ბილ დლია გრუზინსკოი ნაციი ნულ, სააკაშვილი, მინუს დვა ნულია!” _ გვითხრა აღშფოთებულმა. ხუთის თხუთმეტ წუთზე დაცვით გია მაისაშვილიც გამოჩნდა და პირდაპირ ტრიბუნისაკენ აიღო გეზი. მას შალვა ნათელაშვილი მოყვა. ხალხი ამბობდა, რომ ხელისუფლებას სპეცრაზმელები `ყვითელი~ პოლიციელების მაკონტროლებლადაც ჰყავდა გამოშვებული, თუ ვინმეს დაინდობდნენ ან წაქცეულს წამოაყენებდნენ, მათ თავად სპეცრაზმელები უსწორდებოდნენო. ერთი ქალი ყვებოდა, როგორ გადაეფარა პოლიციელს, რომელსაც მოხუცი ქალბატონის ფეხზე წამოყენებისთვის სპეცრაზმელები ურტყამდნენ.

ხუთის ნახევარზე აქციას “საქართველო! საქართველო!”-ს შეძახილებით სტუდენტების ერთი ჯგუფი შეუერთდა. უცნობი ქალბატონი ამტკიცებდა, ერთი საათის წინათ გაწმენდილ რუსთაველზე მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა ფეხით ჩაიარეს, ქაშვეთის ტაძრის წინ ვიდექით და იქიდან ავუტეხეთ ყვირილი და ლანძღვა-გინებაო. ხუთის ოც წუთზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამების ეკლესიასთან, ჯარისკაცებით სავსე სამხედრო ავტომანქანების კოლონა ჩაატარეს და მეტეხის ხიდით რიყის მხარეს გადმოიყვანეს. ხალხი მათ გინებით და შეძახილებით შეხვდა. კოლონა არ შეჩერებულა და გზა საბჭოს ქუჩის მიმართულებით გააგრძელა. ამ დროს “საქართველოს გაუმარჯოს!” შეძახილებით მამაკაცების ერთი ჯგუფი გამოჩნდა, რომელთაც ხელში აირწინაღები ეჭირათ. როგორც ამბობდნენ, რიყეზე ხალხი რომ არ მისულიყო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეტრო გააჩერეს, ხაზებიდან კი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მოხსნეს. ზოგიერთ რაიონში შუქიც გამორთული იყო. რიყეზე დადიოდა “რადარებიანი” ავტომანქანა, რის შემდეგაც ყველას მობილური ტელეფონი გაითიშა. ამის შენდეგ მოვლენებს უკვე ბარათაშვილის ხიდთან ახლოს, რიყის დასაწყისიდან ვაფიქსირებდით.

ზუსტად ექვსის თხუთმეტ წუთზე, დაცვასთან ერთად, ავტომანქანისკენ მიმავალი ზვიად ძიძიგური გამოჩნდა. დაგვაინტერესა, რატომ მიდიოდა და უკან გამოვეკიდეთ, მაგრამ გვთხოვა, რომ არ შეგვეჩერებინა. მისი ავტომანქანა გავიდა თუ არა ბარათაშვილის ხიდთან, სროლის ხმა გაისმა. ხიდიდან ხალხი რიყის მიმართულებით გამორბოდა, უკან კი ჯარისკაცები და ყვითელი პოლიციელები მოსდევდნენ. ჩვენ მანქანის ხიდის ქვეშ შეფარება მოვასწარით, ჯარმა და პოლიციამ რიყეზე შეგროვილი ხალხი ალყაში რომ მოაქცია, ირგვლივ ქალების წივილი, მამაკაცების ყვირილი, გინება და სროლის ხმა ერთმანეთში იყო არეული“.

Facebook Comments