სამართალი

პროკურატურა მაკო გომურზე: გამოძიებამ აქციის მონაწილეებს სტანდარტული კითხვები დაუსვა

“გამოძიებამ აქციის მონაწილებს სტანდარტული კითხვები დაუსვა, რასაც კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა მოიცავს”,- ასე პასუხობს გენერალური პროკურატურა 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომურის განცხადებას.

“20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა, სტანდარტული პროცედურები. აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა.

20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული”, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას მაკო გომურმა თვალი დაკარგა. გომურის თქმით, სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაუკავშირდნენ და ჰკითხეს – “ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა”.

Facebook Comments