საზოგადოება

გიორგი გოცირიძე: ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა ფილმს უყუროს და რა წიგნი წაიკითხოს

არასამთავრობო ორგანიზაცია საიას იურისტის გიორგი გოცირიძის განცხადებით, წლების განმავლობაში „ქართული მარში“ დაუსჯელად ახორციელებს ძალადობრივ ქმედებებს განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ.

როგორც იურისტი „პირველთან“ საუბრისას ამბობს, მიუხედავად ამისა, დღეს „ქართულ მარშს“ არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა ფილმი „ და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩაშალონ. ყველა კინოთეატრან, სადაც ამ ფილმის ჩვენება იგეგმება, ადეკვატური საპოლიციო ძალა უნდა მობილიზდეს.

„წინა მოვლენების გათვალისწინებით, რაც ხდებოდა კონკრეტულად „ქართული მარშის“ მხრიდან, გავიხსენებთ 2018 წლის აქციას, როდესაც „ბასიანში“ რეიდთან დაკავშირებით გამოვიდნენ ეს ულტრამემარჯვენე ჯგუფები, იქ სახელმწიფო ეფექტურად ვერ ახერხებდა დემონსტრანტების დაცვას ამ ჯგუფებისგან. ასევე გავიხსენებ „რუსთავი 2“-თან ჩატარებულ აქციას „ქართული მარშის“ მხრიდან, რომელიც ჟურნალისტებზე თავდასხმით დასრულდა. ძალიან ბევრი ძალადობრივი ფაქტი მოხდა, როდესაც სახელმწიფომ ეფექტურად ვერ დაიცვა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები ამ ჯგუფისგა. ეს ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ პოლიცია ალბათ ვერ შეძლებს სათანადო ღონისძიების გატარებას ამ ჯგუფების მიმართ. რეალურად წლების განმავლობაში ეს ჯგუფი – „ქართული მარში“ დაუსჯელად ახორციელებს ძალადობრივ ქმედებებს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ამაზე გარკვეული პასუხისმგებლობა მათ შორის ხელისუფლებასაც ეკისრება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს იყოს ადეკვატური საპოლიციო ძალა მობილიზებული ყველა იმ კინოთეატრთან, რათა ყველა ადამიანს  ჰქონდეს დაუბრკოლებელი შესაძლებლობა, შევიდეს კინოთეატრში, უყუროს და უსაფრთხოდ დატოვოს ეს კინოთეატრი, როდესაც კინოსეანსი დასრულდება. ბუნებრივია, მათ არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ხელყონ სხვა ადამიანის კერძო საკუთრება და ჩაშალონ ეს კინოჩვენებები. ამაზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“, – აცხადებს გიორგი გოცირიძე.

ამასთან, მისი თქმით, თუ ქვეყანა გამოხატვის თავისუფლებას აღიარებს, ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ფილმს უყუროს და რომელი წიგნი წაიკითხოს.  

„თუ ქვეყანა აღიარებს გამოხატვის თავისუფლებას, ეს ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ფილმს უყუროს, ან რას არ უყუროს. ეს არის ყველა ადამიანის ინდივიდუალური გადასაწყვეტი, ამ არჩევანს სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს იმით, რომ ეს ადამიანი დაიცვას სხვა პირების ძალადობისგან, რომლებიც ცდილობენ მათ გადაუწყვიტონ, რომელ ფილმს უყუროს, რა ფილმს არ უყუროს, რა წიგნი იკითხოს და რა არ იკითხოს.  ეს არის ამავდროულად ადამიანის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა“, – აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.

ცნობისთვის, ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩენება 20:00 საათზე იგეგმება. 19:00 საათიდან კი, კინოთეატრებთან „ქართული მარში“ და ლევან ვასაძე აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი კინო ჩვენების ჩაშლას აპირებენ.

Facebook Comments