დეკანოზი დავით რუხაძე: ვიდგებით, ვილოცებთ და შევეწინააღმდეგებით ფილმის ჩვენებას

დეკანოზმა დავით რუხაძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაგეგმილ პრემიერასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. დეკანოზი მოქალაქეებს მოუწოდებს, ბილეთები დააბრუნონ, ან კინოჩვენებაზე არ მივიდნენ.

„იქ არც ხელს ავწევ, არც არაფერს, ისე ვიდგები. შეიძლება ბლოკირება მოხდეს. ვიდგებით, ვილოცებთ და შევეწინააღმდეგებით ფილმის ჩვენებას. ხალხს მოვუწოდებთ, არ შევიდეთ კინოთეატრებში. ჩვენი ამოსავალი სიბრძნე წმინდა სახარებაა. ღმერთმა შექმნა მამაკაცი და დედაკაცი და არა მამაკაცი და მამაკაცი, ან დედაკაცი და დედაკაცი. ჩვენი მთავარი მიზანი ტერიტორიების აღდგენაა. ამისათვის მებრძოლი და მართლმადიდებელი სულია საჭირო“, – განაცხადა დეკანოზმა დავით რუხაძემ.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ კინოთეატრებში „შინდისის გმირები” გადიოდა: „ისინი ჩვენი მაგალითები არიან. მავანს სურს, რომ მამათმავლობა დანერგოს. ამით მებრძოლ სულს ვაკნინებთ. აღშფოთებას იწვევს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა სამართლიანია მორწმუნე ხალხის შიში, რომ ასეთი მაგალითებით თაობებს დავკარგავთ. მიდის გარყვნილების, სოდომური ცოდვის პროპაგანდა. მაგალითით ვიზრდებით ჩვენ. იმის მაგივრად, რომ სიყვარულით ვასწავლიდეთ მომავალ თაობებს, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი, სიბილწეს ეწევა პროპაგანდა. ფილმები უნდა გადაიღონ გმირობაზე, სიყვარულსა და თავგანწირვაზე. ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ” ნაჩვენებია, როგორ წვება კაცი კაცთან, როგორ კოცნიან ერთმანეთს. ახალგაზრდა ბიჭზე ეს ხომ ზეგავლენას მოახდენს“, – განაცხადა დეკანოზმა დავით რუხაძემ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: