Uncategorized

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებით ჯგუფს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ფილმის -“და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კინოცენტრი მხარდაჭერას უცხადებს შემოქმედებით ჯგუფს, კინოთეატრების ადმინისტრაციას.  

ეროვნული კინოცენტრი გავრცელებულ გაცხადებაში მოუწოდებს საერო და სასულიერო პირებს, რომ ფილმის ჩვენებას ხელი არ შეუშალონ. 

„შვედურ-ქართულ-ფრანგული კინოპროდუქცია „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8 ნოემბერს უნდა გამოვიდეს თბილისის ეკრანებზე. მაყურებლის ინტერესი ფილმისადმი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ყველა ბილეთი გაყიდულია. ეროვნული კინოცენტრი, ისევე როგორც ბევრი მაყურებელი მთელს მსოფლიოში, გულშემატკივრობს ამ ფილმს, რომელიც შვედეთმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინა. ფილმმა უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო აღიარება. მას კომერციული წარმატებაც აქვს.

ეროვნული კინოცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია ფილმის შექმნაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს და თავის მხრივ მოუწოდებს ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან და შეახსენებს მათ, რომ საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია“, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“.

ამავე დროს საქართველოს კონსტიტუცია ადამიანთა თანასწორობის გარანტია. ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება. ადამიანთა თანასწორობის აღიარება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი… ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას. ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, და უფრო ჰუმანური გახდეს.

ეროვნული კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკულ განხილვას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, თუ ასეთი დისკუსიები ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება

Facebook Comments