უცხოური მედია

კიევში კერძო კლინიკა მოტაცებული ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა

17 ოქტომბერს სამართალდამცველები კიევში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო კლინიკაში შევიდნენ, რომელიც შავ ბაზარზე ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა. შენობაში თხევადი აზოტით სავსე კონტეინერები აღმოჩნდა, რომელსაც წარწერა ჰქონდა: „თირკმელი“ და „გული“,-ამის შესახებ უკრაინული მედიაგამოცემები იუწყებიან.

საუბარია „სამედიცინო ცენტრ საოჯახო მედიცინა პლიუსზე“, რომელიც კურნატოვსკის ქუჩაზე, 20 ნომერში მდებარეობს. kiev.informator.ua-ს ჟურნალისტი, რომელიც  იმ მომენტში ადგილზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ჩხრეკა საღამოს საათებში ჩატარდა. სამართალდამცავების თქმით, ისინი დიდი ხანია თვალყურს ადევნებდნენ სამედიცინო ორგანიზაციის საეჭვო ქმედებებს და როდესაც საკმაო სამხილები შეგროვდა, მხოლოდ მაშინ მივიდნენ ჩხრეკის ჩასატარებლად.  

გამოძიების წინასწარი ვერსიით, გასაყიდი მასალა წარმოადგენდა მოტაცებული ადამიანების ორგანოებს. გარდა ამისა, შენობაში იპოვეს შეკვეთით დამზადებული უზარმაზარი სეიფი, რომლის გახსნაც ჰიდრავლიკური დანის საშუალებითაც ვერ მოხერხდა. 

შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა კლინიკის მეპატრონე და მისი ადვოკატი. ისინი ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ კლინიკამ სახელი უცხოეთშიც გაითქვა, მისი პაციენტები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და სამართალდამცველების მოქმედება ქვეყნის იმიჯს დააზარალებს. მათივე თქმით, კლინიკაში ჩხრეკის დროს უცხოელი პაციენტი ქალი იმყოფებოდა და ამ ინციდენტმა შესაძლოა, სიმშვიდე დაურღვიოს. 

ადგილზე მუშაობდნენ კიევის პოლიციის მთავარი სამმართველოსა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათ დახმარებას უწევდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მაიდნის ავტოპატრული“. 

მანამდე, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კიევში მამაკაცის გახრწნილი ცხედარი იპოვეს, რომელიც ქსოვლში იყო გადახვეული. გამოძიების ინფორმაციით, ის უსახლკარო იყო. 

Facebook Comments