თალაკვაძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე: ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება

„ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. აუცილებლად მოვა დრო, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ აღმართული უკანონო მავთულხლართები აუცილებლად დაიშლება და საქართველო გაერთიანდება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შეფასებისას. 

მისი თქმით, ვითარება, როდესაც სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ მოქალაქეები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ვითარებაა რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

„მინდა მივმართო ჩვენს აფხაზს დებს და ძმებს, მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს რომლებიც სამხრეთ ოსეთში, ცხინვალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ნებისმიერ მომენტში, მთელი კვირის განმავლობაში დღით და ღამით, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სამედიცინო და სხვა სახის მომსახურება დასჭირდება, დახმარება აღმოვუჩინოთ.

თალაკვაძის განცხადებით, ინიციატივა, ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ უპირობოდ სთავაზობს ბიზნეს შესაძლებლობების, განათლების მოგზაურობის და სოციალური, თუ ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობას.

„ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ და ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, თუ როგორ შეიძლება ეს კონფლიქტები ამოიწუროს და საქართველომ აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

რაც შეეხება დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს და რუსეთის ფედერაციას, რომელიც პასუხისმგებელია ოკუპაციაზე, მათი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ გამოჩნდა არაერთხელ, როდესაც ხდებოდა ადამიანების უკანონო დაპატიმრებები, გატაცებები, მკვლელობის შემთხვევები. 

გვახსოვს ტატუნაშვილის და ოთხოზორიას ტრაგიკული შემთხვევები. ამაზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ და ეს თემები იქნება ყოველთვის დღის წესრიგში, მაგრამ რაც მთავარია, ამ დღეებში, როდესაც მათ ხანდაზმულ ადამიანს არ მისცეს საშუალება, რომ სამედიცინო მომსახურება მიეღო და დღესაც ერთ-ერთ პაციენტს არ აძლევენ ამის საშუალებას, ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებას ადამიანის და ადამიანის უფლებების მიმართ და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა ვითარებაა რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მას შემდეგ, რაც დეფაქტო ცხინვალმა ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა, პაციენტების მცხეთასა და თბილისში გადმოყვანა შეუძლებელი გახდა. მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

ორ თვეზე მეტია, გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ახალგორის მოსახლეობას პრობლემები ექმნება. ტრაგიკული შემთხვევა სწორედ ამ შეზღუდვას მოჰყვა, როდესაც ადგილობრივები თბილისში სამკურნალოდ ჩასვლას ვერ ახერხებენ.

29 ოქტომბერს, ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა. 

რამდენიმე დღის წინ კი ახალგორში 60 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა. მძიმედ დაშავებულის ოჯახი ცხინვალის საავადმყოფოში მყოფი პაციენტის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას ისევ ითხოვს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: