„ნაცმოძრაობა“ მეუფე იაკობის განცხადებებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ მეუფე იაკობის განცხადებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი 11 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება.

დოკუმენტის თანახმად, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

პარტიაში აცხადებენ, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ხოლო შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი-პროკურორი ვალდებულია გამოძიება დაიწყოს.

„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები: შეისწავლოს, საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში; ასევე, გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებულ პროცესის მომზადებაში“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

Facebook Comments
%d bloggers like this: