რელიგია

“ქართველი უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს – ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას”

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, სინოდის სკანდალური სხდომის შემდეგ, დღეს პირველად იქადაგა და ადამიანებს შორის სიყვარულისა და პატივისცემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პატრიარქმა ადამიანების სიყვარულის ჩამოყალბების საფუძვლად კვლავ ოჯახი დაასახელა და მშობლებსა და შვილებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“დღეს მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, ისტორია თავისთავად კი არ მოდის, არამედ ადამიანი ქმნის ისტორიას, გავუფრთხილდეთ ადამიანს. ქართველი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორად, არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნიჭიერი ადამიანები მოგვცა ჩვენ, რომ ხალხს დაეხმაროს უფალთან მისვლისთვის. გახსოვდეთ, ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. ამიტომ, უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.

არაერთხელ შეგახსენეთ, რომ ვისაც გყავთ მშობლები, ყოველდღე ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ კურთხევა, დედაო, მამაო დამლოცეთ მე და მათი დალოცვა იქნება ღვთის ლოცვა, კურთხევა თქვენზე.

ყოველ ადამიანს აქვს რაიმეს ნიჭი. ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი. ჩვენი დამსახურება კი არ არის, უნდა დააფასოთ. ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში უნდა ამოუდგეთ. თქვენც გახარებული იქნებით და ისიც. არ არსებობს უნიჭო ადამიანი, ​საჭიროა მხოლოდ იმ ნიჭის გამონახვა. შეიძლება ნიჭიერი იყოს ტექნიკაში, მეცნიერებაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს მას დიდი წარმატებითა და დიდი შედეგებით. ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ცილს ნუ დასწამებთ, გიყვარდეთ ერთმანეთი”, – ბრძანა პატრიაქრმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni