მამუკა გიორგაძე-მოგიწოდებთ, ნუ ჩაგვაგდებთ მრევლს ცოდვაში

,,მაღალ ყოვლად უსამღვდელოესო მეუფენო, მოკრძალებით მოგმართავთ საქართველოს ეკლესიის მრევლის წევრთა ჯგუფის სახელით.
10 ნოემბერს სატელევიზიო ინტერვიუს დროს მღვდელმსახურება შეჩერებულმა, მაგრამ ჯერ კიდევ მეუფე პეტრედ წოდებულმა სასულიერო პირმა, მთლიანად ამხილა საკუთარი თავი – ტელეეთერიდან ულევი სიცრუე, ბოღმა და ცილისწამება გადმოანთხია, რაც ბოლო წვეთად იქცა ეკლესიის მრევლის მოთმინების ფიალაში. იგი ყოფილ სემინარიელ მალხაზ სხილაძესთან (რომელიც თავის თავს მღვდელს უწოდებს) ორკესტრირებით ცდილობს სინოდის დისკრედიტაციას და მის წევრთა შორის შუღლის ჩაგდებას, რითაც საქართველოს ეკლესიაში შფოთი შემოაქვს.
ვითარებას ამძაფრებენ გასული საუკუნის მოვლენების შეგნებული დამახინჯებითა და ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით. ეს განსაკუთრებით თვალნათელია მაშინდელი პროცესების ზედმიწევნით მცოდნე და აქტიური მონაწილეთათვის.

ცინიზმისა და მიზანმიმართული პროვოკაციის აღიარებაა მისი განცხადება უმძიმეს ბრალდებაზე: „მოწმეებს ვერ დავასახელებ მანამ, სანამ ახალი აღმაშენებელი და სინოდის სხდომიდან პირდაპირი ეთერი არ იქნება“. ე.ი. ღიად აცხადებს, რომ კვლავაც გააგრძელებს “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ ტრადიციას.
მან თავისი ქმედებებითა და გამონათქვამებით მორწმუნე საზოგადოების უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. მისი დამოკიდებულება სახელმწიფოსა და ეკლესიისადმი არა თუ მაღალი იერარქის, არამედ გზააბნეული და შემცდარი მრევლის წევრის სტატუსის მქონე პირისთვისაც კი შეუფერებელია. მით უმეტეს, რომ სინანულის ნაცვლად, ეკლესიისადმი მისი აგრესია აღმავალი ხაზით გრძელდება. ჩვენდა სამწუხაროდ, იგი პროფესიონალ პროვოკატორად გვევლინება ეკლესიის დაუძინებელი მტრების ხელში, როგორც ერთი საუკუნის წინ მღვდელი გაპონი და სხვა სასულიერო პირნი „ოხრანკის“ ხელში.
მსგავსი ქმედებების ატანა უკვე შეუძლებელი ხდება, ეს მთლიანად ეკლესიისა და თითოეული ჩვენთაგანის შეურაცხყოფაა!
ჩვენი აზრით, მან ეკლესიის წმინდა სინოდს მხოლოდ ერთი გზა დაუტოვა – სასულიერო დასიდან განკვეთა!

უმორჩილესი თხოვნით მოგმართავთ წმინდა სინოდის წევრებს : – მიიღეთ საეკლესიო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
მოგიწოდებთ, ნუ ჩაგვაგდებთ მრევლს ცოდვაში – რეაგირება გავაკეთოთ სასულიერო პირის ქმედებაზე და ჩვენით ვეძებოთ გზები მისგან მომავალი საშიშროების, ღვარძლისა და ბოროტების აღსაკვეთად!
პაატა ცაავას კი, შემდგომ, სათანადო პასუხს გასცემს საერო საზოგადოება!

პატივისცემით, მამუკა გიორგაძე”

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: