„იცით, რა “დაუშავა” პატრიარქმა “მეუფე” ცაავას? აი, რა “დაუშავა”

პუბლიცისტი ლევან ცალუღელაშვილი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავას მიერ პატრიარქის მისამართით გაჟღერებულ ბოლოდროინდელ ბრალდებებს ეხმიანება:

„ერთ სოფელში ერთი კაცი დადიოდა და იმავე სოფლელ კაცს ყველასთან აძაგებდა: ეს უვარგისიო, უჟმური, არაფრის მაქნისიო. რომ ჰკითხავდით, რატომ ლანძღავო, გეტყოდათ: არაყს ხდის და ყიდის, მე მის ეზოში ხშირი სუფრა არ მინახავს და არაყს ცოტას ჩამომისხამს ხოლმე, მაგარი წუწურაქიაო. იმას კი არ ამბობდა რომ თავად დალევა უყვარდა და თავის “ინტერესებს” სათანადოდ ვერ იკმაყოფილებდა… როგორც იქნა, ბოლომდე ვუსმინე ორ, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულ, მელას გაფაციცებით მოსაუბრე წამყვანის და “ჭკუიდან გადამყვანის”, პატრიარქის საწინააღმდეგო, მიზანმიმართულ, შეხმატკბილებულ დიალოგს და გულწრფელად დავინტერესდი: რა “დაუშავა” პატრიარქმა “მეუფე” ცაავას? აი, რა “დაუშავა”: სენაკელ პაატა ცაავას, რომელსაც არ გააჩნდა უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება და მისი საღვთისმეტყველო ცოდნა მხოლოდ სემინარიით შემოიფარგლებოდა, 2000 წელს ბერადაც აღკვეცა, დიაკვნადაც აკურთხა და მღვდლადაც აკურთხა. ორ წელიწადში – ეპისკოპოსად, ხუთ წელიწადში – მთავარეპისკოპოსობა, ხოლო მომდევნო სამ წელიწადში მიტროპოლიტობა ებოძა. ეს ყოველივე მოხდა 2000 წლიდან 2010 წლამდე, – ათ წელიწადში.

ამ ათი წლის განმავლობაში პეტრე ცაავა ჰმადლობდა უფალსაც და პატრიარქსაც და ღაღადებდა: “ვიღებ ამ ხარისხს, როგორც ღვთის ნებას თქვენი გონიერი გულით გაცხადებულს, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ. მივიღებ ისევ ღვთისადმი და თქვენი ლოცვებისადმი სასოებით, თქვენი მამამთავრული შემწეობის იმედით. გმადლობთ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, გმადლობთ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ჩემი ეპისკოპოსად გამორჩევისა და ეგზომ დიდი ნდობისათვის. ლოცვა ჰყავთ ჩემთვის, რათა შევძლო კეთილად აღვასრულო ნება უფლისა – სადიდებელად ღვთისა და სასიკეთოდ ჩვენი დედა ეკლესიისა.” (68, 2002, 10). უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა მეუფე პეტრეს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და სტეფანწმინდისა და ხევის მღვდელმთავრად დაადგინა. კურთხევის შემდეგ საქართველოს პატრიარქმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსს ამ სიტყვებით მიმართა და ბრძანა: “თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსო პეტრე! აღსრულდა განგება ღვთისა და დღეს მადლი სულისა წმიდისა – “უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი – გარდამოვიდა შენ ზედა და გეწოდა ეპისკოპოსი სტეფანწმიდისა და ხევისა. ეს არის ისტორიული მოვლენა იმიტომ, რომ ხევი და დარიალის ხეობა არის საქართველოს კარიბჭე, რომელსაც ქართველი ხალხი თავისი რწმენით, შემართებითა და ვაჟკაცობით მუდამ იცავდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა ჩვენს ისტორიაში, როდესაც მტერი ცდილობდა სწორედ დარიალის კარიბჭიდან შემოსულიყო საქართველოში. და აი, დღეს, განგებითა ღვთისათა, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ხევსა და სტეფანწმიდას თავისი ეპისკოპოსი ჰყავს”. იქნებ ეს ყოველივე არ უნდა მოემოქმედებინა პატრიარქს… სტეფანწმინდაც კი ჩააბარა… გულშიც ჩაიკრა და უბეშიც ჩაისვა… მისი სულიერებიდან და კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე ვგონებ, ვერ წარმოიდგენდა ასე უცებ აღზევებული ბიჭი, რომელსაც ბინაც კი ჰქონდა საპტრიარქოს კარზე, – რა ლახვარსაც ჩასცემდა ათი წლის შემდეგ… თავადვე აღიარეს გადაცემაში რომ საჯაროდ დახვრიტეს პატრიარქი. ამაზე პ.ცაავამ თვალნი აღაპყრო და სრული თავდაჯერებით განაცხადა რომ მართალია, “დახვრიტა” პატრიარქი, მაგრამ მისი ბაგით თავად დედა ღვთისმშობელი საუბრობდა.

კარიერული წინსვლის ათი წლის მანძილზე ერთხელაც არ გასჩენია მას ეკლესიის მხილების სურვილი. რად უღირდა მას ეს ხარისხები, როცა ხედავდა “რა ხალხი” უბოძებდა მას ამ ხარისხებს?! რა უსუსურად ცდილობს, მასები დაარწმუნოს რომ… პატრიარქი უკანასკნელი ცოდვილია და თავად და იგივე დეკანოზი მამალაძე კი – წმინდანები არიან(!). კიდევ საკითხავია ვინ რა ფილმებს უყურებდა მამალაძის მობილურით… ყველაფრის პატრიარქისთვის გადაბრალება და სისხლით გასვრილი ხელის, მონადირესავით “მსხვერპლზე” შემშრალება ძალზე ადვილია.

კიდევ კარგი რომ დაწერილი კანონების ქვეყანა ვართ და მხოლოდ მოწმეების ჩვენება უაპელაციო მტკიცებულება არ არის. “მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო”. მოწმეს რასაც გინდა იმას ალაპარაკებ კი არა, უნდათ ქვეყანამ ის ილაპარაკოს რაც მათ სურთ და მიზანმიმართულად ცდილობენ მაყურებლის თუ მსმენელის “დაპროგრამებას” და… ცრუმოწმეების მოძებნა გაუჭირდებათ?! მეუფე პეტრე “დიდი” ფიგურაა და მისი პორტრეტი მრავალმხვრივ “შესწავლას” საჭიროებს. მას მიაჩნია და ღრმად სწამს რომ მისი ნამოქმედარის გამო (პატრიარქის საჯარო შეურაცხყოფა და “დახვრეტა” – როგორც თავადვე აღნიშნა) მომავალი თაობები მას ძეგლს დაუდგამენ. საბრალო პატრიარქი კი ჯვარცმულია სწორედაც იმის გამო რაც მან მეუფეს „დაუშავა“- წერს ლევან ცალუღელაშვილი.

წყარო:progressnews.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: