აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება

28 ნოემბერს, სავარაუდოდ, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ “პირველს” რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, კარასინთან შეხვედრაზე იმ საკითხებს განიხილავენ, რომელიც მანდატით არის გათვალისწინებული.

კითხვაზე თუ რატომ არ დაიგეგმა შეხვედრა კარასინის შემცვლელ ევგენი ივანოვთან, აბაშიძე განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმღვანელობა კარასინს ამ დიალოგის და დელეგაციის ხელმძღვანელობას ავალებს.

“შეხვედრა, სავარაუდოდ, 28 ნოემბერს დაიგეგმა. ბატონი კარასინი სამუშაოდ გადავიდა ფედერაციის საბჭოში, არის სენატორი და ამავე დროს ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებით, ასე ვთქვათ მას ევალება ამ დიალოგის გაგრძელება და დელეგაციის ხელმძღვანელობა პრაღის ფორმატში. ასე რომ შევხვდებით 28 ნოემბერს და გავაგრძელებთ ამ დიალოგს, რომელსაც ე.წ. პრაღის ფორმატი ეწოდება. იქ უმთავრესად განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური თემები, სატრასპორტო პრობლემატიკა გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ვნახავთ რა დინამიკაა ამ თვალსაზრისით. ივნისის შემდეგ შეხვედრა არ გვქონია, ძალიან მნიშვნელოვანია საკითხია და ყურადღებას საჭიროებს. განვიხილავთ თემებს, რომელიც უმთავრესად ჩვენი მანდატით არის გათვალისწინებული”, – აღნიშნა აბაშიძემ.

ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. კარასინის თანამდებობა ევგენი ივანოვმა დაიკავა. ივანოვი ამ დრომდე მხოლოდ მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გრიგორი კარასინი აღნიშნულ თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა. 29 ივლისს გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მუშაობას ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს.

23 აგვისტოს გრიგორი კარასინს 70 წელი შეუსრულდა, “სახელმწიფო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად კი, სახელმწიფო სამსახურში სამუშაოდ ასაკის ზედა ზღვარი სწორედ 70 წელია.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ გამხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.

დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები ჟენევის ფორმატით. ასევე, ტარდება არაფორმალური შეხვედრები აბაშიძე-კარასინის ფორმატში.

Facebook Comments
%d bloggers like this: