მთის მდგრადი განვითარების ფაკუკლტეტი 2020 წლის სექტემბრიდან სტუდენტების მიღებას იწყებს

მთის მდგრადი განვითარების ფაკუკლტეტი 2020 წლის სექტემბრიდან სტუდენტების მიღებას იწყებს. როგორც პროგრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მოსამზადებელ-მიზნობრივი სასწავლო პროგრამების კოორდინატორმა ნოე ხოზრევანიძემ განუცხადა: „ფაკულტეტზე ოთხი ძირითადი მიმართულება (პროგრამა) იქნება: მთის სოფლის მდგრადი განვითარება; მთის ბიოორგანული ფერმერული სისტემები; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთის ბუნებრივი საფრთხეები. იმისათვის, რომ ყველა დეტალი გაგვეთვალისწინებინა, ორჯერ გახლდით გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. პირველად – როცა ტარდებოდა ორგანული პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების საერთაშორისო გამოფენა, სადაც თანამედროვე ტრენდების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ. მეორედ კი, ორგანული პროდუქტების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს გავეცანით – ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. ამავე დროს, ვენის უნივერსიტეტში ვიმყოფებოდით, სადაც შევხვდით მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის გამიზნული 4 ძირითადი მიმართულების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს. დღეისთვის უკვე გვაქვს ბაკალავრიატისთვის აპრობირებული პროგრამების პროექტები, რაც  საფუძვლად დაედება ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებს“.
„პროგრესნიუსს“ ესაუბრება ნოე ხოზრევანიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მოსამზადებელ-მიზნობრივი სასწავლო პროგრამების კოორდინატორი:

_ პირველი თხოვნა და განცხადება მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტში 2015 წელს გაკეთდა. აღინიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა შესაბამისი ბაზა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის შესაქმნელად. იმავე წელსვე, ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოეყალიბებინა სტუ-სთან არსებული „კავკასიის მთის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი“, რომელიც დაიწყებდა მოსამზადებელ საქმიანობას მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის შესაქმნელად. 2015 წლიდან დღემდე, რამდენიმეჯერ შეიცვალა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რამდენიმეჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრიც, რამაც ახალი ფაკულტეტის შექმნის პროცესი გაახანგრძლივა. თუმცა საქართველოს მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილება 2018 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, როდესაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნებოდა ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი შეიქმნებოდა. თუმცა სამთავრობო განკარგულება 2019 წლის 4 აპრილს გამოიცა. ამ დოკუმენტით ტექნიკურ უნივერსიტეტში ოფიციალურად დაიწყო ახალი ფაკულტეტის ჩამოყალიბების პროცესი, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით.
_ რამდენად შეესაბამება ჩვენს მოცემულობას ეს პროგრამები?
_ მთავრობის გადაწყვეტილებით, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი უნდა იყოს ინტერდისციპლინური, ევროსტანდარტის შესაბამისი და იოლად ინტეგრირებადი. ევროპულ სივრცეში მოქმედ უნივერსიტეტებს შორის, რომლებიც მთის პრობლემებზე მუშაობენ, ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა ვენის ბოკოსა და შოტლანდიის უნივერსიტეტები, ასევე, ჟენევის უნივერსიტეტის მთის განვითარების ცენტრი. ეს სწორედ ის ლოკაციებია, რომელზეც ჩვენ ვართ ორიენტირებული, რადგან საქართველოსა და ამ ქვეყნების მთიანი რეგიონების პრობლემატიკა თითქმის იდენტურია. განსხვავება მხოლოდ დროში აცდენაა. ამ ქვეყნებში ჩამოყალიბებულია მენეჯმენტი, განვითარების რაციონალური და მდგრადი სისტემები. სწორედ მსგავსი სისტემების დანერგვა გვინდა რეკულტივაციისათვის. ველოსიპედს ახლიდან არ ვიგონებთ – მეტი ეფექტიანობისთვის, ვიზიარებთ ამ ქვეყნების მრავალწლიან გამოცდილებას და მათ მიერ აპრობირებულ სასწავლო პროგრამებს ჩვენი ქვეყნის რეალობას ვუსადაგებთ.
_ რატომ მაინცდამაინც ტექნიკური უნივერსიტეტი?
_ პირველ რიგში, არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, მთლიანად ახლო აღმოსავლეთის სივრცეში ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესია 1922 წლიდან. მეორე – მისი ტრადიცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გამოცდილება, აკადემიური რესურსი, რაც შესწავლილ იქნა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მიერ, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდეს. სწორედ ამიტომ დაავალეს ჩვენს უნივერსიტეტს ფაკულტეტის შექმნაზე მუშაობა. მესამე – სასწავლო პროგრამები, რომელიც ამ ფაკულტეტზე ამოქმედდება, ემყარება ისეთ უძველეს დარგებს, როგორიცაა კლიმატოლოგია და მეტეოროლოგია, რისი შესწავლაც ხდება ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის, ასევე, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტებსა და  მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში. სამივე ინსტიტუტი ოდითგანვე მუშაობს მთის პრობლემატიკაზე, ბუნებრივი კატაკლიზმების, რისკების, საფრთხეების, იდენტიფიცირება-პრევენციასა და მენეჯმენტზე. გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული დიდი გამოცდილება.
_ ხომ არ იცით, უმაღლესი სასწავლებლის შერჩევისას სხვა უნივერსიტეტების მონაცემები თუ იქნა  შესწავლილი?
_ არსებულ პრაქტიკას თუ გამოცდილებას რაც შეეხება, საქართველოს არც ერთ სხვა საუნივერსიტეტო სივრცეში ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დღემდე არ გამოკვეთილა მთის მდგრადი განვითარების პრობლემატიკაზე ჩატარებული მიზანმიმართული კვლევითი სამუშაოები. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზა და მის ინსტიტუტებში წარმოებული სამეცნიერო კვლევები გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, რისი გათვალისწინებითაც არჩევანი ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეჩერდა. აქვე გეტყვით, რომ თსუ-ში არსებობს გეოგრაფიის ფაკულტეტი, რომელსაც მთასთან შეხება მხოლოდ გეოგრაფიული რაკურსით აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში 2015 წლიდან ფუნქციონირებს სოფლის მდგრადი განვითარების ცენტრი, რომელიც საკონსულტაციო, საინოვაციო და საინფორმაციო მიმართულებით მუშაობს. 2015 წელს, სწორედ ამ ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა „კავკასიის მთის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი“. როგორც უკვე გითხარით, ამ ინსტიტუტს დაევალა  ინტერდისციპლინური და ევროსტანდარტის შესაბამისი ახალი ფაკულტეტის შესაქმნელად მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება.
_ „მდგრადი განვითარების“ გათვალისწინება თუ მოხდება სასწავლო პროგრამებში?
_ მდგრადი განვითარება, შეიძლება ითქვას, ახალი მიდგომაა და თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს. ამაზე მეტყველებს 2015 წელს გაეროს ეგიდით გამოცემული მნიშვნელოვანი დოკუმენტი – „მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზანი“. ეს დოკუმენტი ძირითადი ქვაკუთხედია, რომელსაც სრულად ვიზიარებთ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის შექმნის პროცესში. მხედველობაში გვაქვს მიზნები, დარგები და ჩვენი მთიანი რეგიონების სპეციფიკა.
_ პროგრამები მთას ერგება თუ „სტაფს“?
_ პირველ რიგში, ჩვენი მიზანია სასწავლო პროგრამები მთლიანად მოერგოს საქართველოს მთიან რეგიონებში არსებულ პრობლემებს. საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს „მთის კანონი“ და „საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიული გეგმა“. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ხდება, როგორც პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე, სტრატეგიული სასწავლო პროგრამების შედგენა. პროგრამების მომზადებაში ჩართულია ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, რომლებიც შესანიშნავად ართმევენ თავს მოცემულ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ მკველევართა მოწვევას საზღვარგარეთიდან თუ საქართველოში არსებული სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტიდან.
_ აქედანვე თუ ზრუნავთ მსგავსი პროფილის ევროპულ უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე?
_ ახალი ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლება ქართულენოვანი იქნება. მინდა იცოდეთ ისიც, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას ჟენევის, შოტლანდიისა და ბოკუს (ვენა) უნივერსიტეტებთან და აკრედიტაციის გავლის შემდეგ დავიწყებთ ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებას. გარდა ამისა, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სამივე ევროპულ უნივერსიტეტთან აქედანვე მიღწეულია შეთანხმება, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტებისთვის ორმაგი დიპლომების გაცემის თაობაზე.
_  შეგიძლიათ თუ არა, თამამად განაცხადოთ, რომ მზად ხართ სასწავლო პროცესის დასაწყებად?
_ 2020 წლის სექტემბრისათვის ტექნიკური უნივერსიტეტი მზად იქნება, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღოს.

წყარო: პროგრესნიუს

Facebook Comments
%d bloggers like this: