სამადაშვილი: დღეს იწყება საერთო ეროვნული მოძრაობა ივანიშვილის დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად

დღეს იწყება საერთო ეროვნული მოძრაობა ივანიშვილის დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან და საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციებს გამართავენ, რათა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროპორციული სისტემის პროექტის დღევანდელ კენჭისყრაზე ჩავარდნა გააპროტესტონ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღესვე  პოლიტიკური საბჭოს სხდომას გამართავს.

„ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, გავმართავთ ძალიან ფართო კონსულტაციებს, როგორც სხვა პარტიებთან, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან. ასევე, შედგება პოლიტსაბჭოს სხდომა, სავარაუდოდ, დღესვე. ვფიქრობ, რომ გადავალთ საგანგებო რეჟიმში. მშვიდობიანი საზოგადოებრივი პროტესტისა და დაუმორჩილებლობის კამპანია უნდა დავიწყოთ, რადგან რეალობა ძალიან ნათელია – ივანიშვილმა მოიხსნა უკვე ყველანაირი ნიღაბი და პირდაპირ გადადის ძალადობაზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ივანიშვილს არ უშველის საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რადგან რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები, მას არანაირი შანსი აღარა აქვს ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნების. უბრალოდ, დღეს მან გაამწვავა პროცესები, როდესაც დადგა  სპექტაკლი, რომელსაც ვუყურეთ საქართველოს პარლამენტში, თითქოს ივანიშვილის პირადი ყურის ექიმი აღმოჩნდა სპარტაკის როლში აჯანყებულების ლიდერად. ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის დაპირებაც გასცა ივანიშვილმა. დღეს იწყება საერთო ეროვნული მოძრაობა ივანიშვილის დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. ამიტომ, ჩვენ გვიხილავთ ყველასთან ერთად, ვისაც სურს თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: