სამართალი

მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ბექა კვიციანმა სასამართლოზე გინება დაიწყო

საქალაქო სასამართლო თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სასამართლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ბრალდებულმა ბექა კვიციანმა გინება დაიწყო. ამის შემდეგ ის დარბაზიდან გაიყვანეს. მოსამართლემ, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული აგრესიული იყო, გადაწყვიტა სასამართლო პროცესი მისი დასწრების გარეშე ჩაეტარებინა.

ამასთან, კვიციანის ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენეს იქიდან გამომდინარე, რომ პროცესზე განხილული იქნება ბექა კვიციანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დეტალები. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი დახურა.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

Facebook Comments