საზოგადოება

ვაჟა სირაძე: პარლამენტის ტერიტორიაზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ პარლამენტის პერიმეტრზე იარაღის შეტანის შესახებ ინფორმაცია განმარტა. 

მისი ინფორმაციით, „პარლამენტში და მის გარე პერიმეტრზე განთავსებულია შესაბამისი პოლიციური ძალები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები მცირე რაოდენობით. 

რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმის აღჭურვას, ისინი აღჭურვილები არიან შს მინისტრის ბრძანების შესაბამისად და არა თუ ვინჩესტერები, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის“. 

„ამის გარანტიას მე გაძლევთ და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი“, – განუცხადა სირაძემ ჟურნალისტებს. 

„ვადასტურებ ამ ინფორმაციას, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. იცით, რომ დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქცია. რაიმე სიტუაციის გამწვავებას თუ ექნება ადგილი, ეს ძალები დაიცავენ საზოგადოების უსაფრთხოებას, ასევე მოგეხსენებათ, რომ პარალელურად რუსთაველზე იმართება მეორე აქციაც, პოლიცია ახლოს უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუკი ამ ორი აქციის მონაწილეებს შორის მოხდება კონფლიქტი, სამართალდამცველები დროულად უნდა ჩაერიონ“, – აღნიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. 

Facebook Comments