გიგა ბოკერია პიკეტირებაზე: თუ თვლიან, რომ რეპრესიული ნაბიჯები სწორი პასუხია, დაგვიჭირონ

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პროტესტის რადიკალური ფორმა, კერძოდ, პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება და თუ ეს უკანონოა, ხელისუფლებას შეუძლია დაკავებები დაიწყოს.

“სანამ ასე უტიფრად მოიქცევიან, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების საშუალება არ ექნებათ. თუ ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მაშინ დაგვიჭირონ. თუ თვლიან, რომ რეპრესიული ნაბიჯები სწორი პასუხია ამაზე, დაგვიჭირონ და ვნახავთ ეს სადამდე მივა მათთვის. სხვა გზა ივანიშვილმა არ დაგვიტოვა. ამ კრიზისის მიზეზი არის ის, რაზეც წავიდა მთავრობა, როცა გადააგდო საზოგადოება”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ გერმანული მოდელით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაა.

“გამოსავალი არის ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაზეა მორგებული. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ანუ შესრულდეს ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა. ყველა რისკზე წავიდა თავად ივანიშვილი და არა საზოგადოება. ეს არ სურდა არავის, არც ჩვენ “ევროპულ საქართველოს”, მაგრამ როცა სხვა გზას არ გიტოვებენ, უნდა დაიცვა ქვეყნის ღირსება”,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას შევიდნენ შენობაში და მუშაობა განაგრძონ. პროტესტის მიზანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება წარმოადგენს.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, 14 ნოემბერს, პარლამეტში პირველივე მოსმენაზე ჩავარდა. ცვლილებებს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3-მა დეპუტატმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

Facebook Comments
%d bloggers like this: