კალაძე: ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ არის, არანაირი კრიზისი არ არსებობს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.

“დღეს ქვეყანაში არ არის იმის აუცილებლობა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, არანაირი კრიზისი არ არსებობს. არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, ვინც უკმაყოფილოა კონკრეტულად საარჩევნო სისტემაზე. მგონია, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება უბრალოდ საბაბია იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია”,- აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას შევიდნენ შენობაში და მუშაობა განაგრძონ. პროტესტის მიზანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება წარმოადგენს.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, 14 ნოემბერს, პარლამეტში პირველივე მოსმენაზე ჩავარდა. ცვლილებებს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3-მა დეპუტატმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: