„ნაცმოძრაობა“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას, თუმცა საარჩევნო სისტემის შეცვლა არ უფიქრია, დავით უსუფაშვილსაც თითი თითზე არ დაუკარებია რეფორმისთვის

არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადაში, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით”, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და ოპონენტებს მოუწოდა, მოემზადონ 2020 წლის პროპორციულ-მაჟორიტარული საპარლამენტო არჩევნებისთვის.

მისი თქმით, სურთ ოპონენტებს თუ არა, „ქართული ოცნება” ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად

მისივე თქმით, შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას, თუმცა საარჩევნო სისტემა არ შეუცვლია.

„გუშინ ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი, პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა. შეგახსენებთ, ეს პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია. მეტიც, 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ისე განხორციელდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი არც კი განუხილავთ, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მაშინდელ საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ იმ პოლიტიკურ ძალებს და სხვა სუბიექტებს, რომლებიც ახლა აქციაზე ვიხილეთ.

მოგვიანებით, 2012-2016 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა გუშინდელი საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, დავით უსუფაშვილი, რომელსაც ოთხი წლის მანძილზე თითი თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით,  2017 წელს სწორედ ამავე პოლიტიკური ძალების ბოიკოტის ფონზე მოახერხა „ქართულმა ოცნებამ”, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, განეხორციელებინა  საკონსტიტუციო რეფორმა და პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოიღო.

„ეს იყო მაქსიმუმი, ის რთული შიდაპარტიული კონსენსუსი, რომელიც საკითხისადმი მაჟორიტარი დეპუტატების უდიდესი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე, დიდი ძალისხმევის ფასად იქნა მიღწეული. ამასთან, მაშინდელ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც დღეს ბარიკადებზე დგას, საარჩევნო სისტემის დაუყოვნებელი ცვლილებისთვის ანუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლისთვის მხარი რომ დაეჭირა, ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა. შესაბამისად, სურთ ეს ოპონენტებს თუ არა, სწორედ „ქართული ოცნება” ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად“, – განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: