პარლამენტთან სპეცრაზმი გამოჩნდა (ვიდეო)

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული. პარალელურად, პარლამენტის სამივე შესასვლელი ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ ბლოკირებული. უმრავლესობის წევრები “ქართული ოცნების” ოფისიდან უკვე წავიდნენ პარლამენტისკენ. ცოტა ხნის წინ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში არაერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბიუროს სხდომა უნდა ჩატარდეს. მამუკა მდინარაძემ, ირაკლი კობახიძემ და სხვებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ კანონით იმოქმედონ. მათი თქმით, პოლიციამ კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, “ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ”, – აცხადებენ სამინისტროში. დღეს დილით პარლამენტში დეპუტატები არ შეუშვეს. რუსთაველის გამზირი მეორე დღეა აქციის გამო გადაკეტილია. 17 ნოემბერს, ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: