კრიმინალი

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ხანძარი ერთდროულად მძვინვარებს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარისა და ურავს შორის არსებულ ტყეში ხანძარია. რაჭის გუბერნატორის ინფორმაციით, ღია კერები ადგილზე არ არის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს და ხმელ ფოთოლს უკიდია. მისი თქმით, არის ძლიერი დაკვამლიანება, თუმცა, ცეცხლის კერების ნაწილი უკვე ჩამქრალია და დასახლებაში გადასვლის საფრთხე არ არსებობს.

არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ პერიმეტრი კონტროლდება. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა იმყოფება. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ტყემდე მანქანებით გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ 50-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მსგავსი ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლებში და სოფელ ირის მიმდებარედ, სადაც ასევე მეხანძრე-მაშველების ჯგუფები მუშაობენ.

ტყის მასივი იწვის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერშიც. ადგილზე 45 სამაშველო სამსახურის თანამშრომელი მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews -ს სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბრლიანმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენ ჰექტარზეა ცეცხლი მოდებული, რადგან ძლიერი დაკვამლიანებაა.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონისა და რიონის ტყეში.

Facebook Comments