ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან ქართველების ლეგალურად დასაქმებისთვის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქართველებს უცხოეთში ლეგალურად დასაქმების პირობებს შეუქმნის. ამის შესახებ მან „იმედის “ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და ორი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას დიდი დრო ჭირდება. ახალი ინიციატივით კი, საქართველოს მოქალაქეები, ისევე, როგორც ბალტიისპირეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, პერიოდულად, კონტრაქტით ჩავლენ უცხო ქვეყნებში და ლეგალურად იმუშავებენ. 

“რეალობიდან უნდა გამოვიდეთ” და “არა ეიფორიულად ვიძახოთ, რომ ჩვენ უმუშევრობას აღმოვფხვრით, ყველას დავასაქმებთ, დავაბრუნებთ ჩვენს ემიგრანტებს”,-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან ქართველებისთვის კონტრაქტების გასაფორმებლად.

“გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ბულგარეთი – ასეთივე გაცლილია, როგორც საქართველო. ეკონომიკური სხვაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც არის. შესაბამისად, სადაც მაღალია ხელფასები, იქ გადაედინება მუშახელი. მაგრამ ცივილიზებულად ხდება ეს, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები. ლიტველი რომ მიდის გერმანიაში სამუშაოდ, ჯდება ტრანსპორტზე და ბრუნდება, როცა უნდა უკან და მოწყვეტილი არ არის სამშობლოს.

პრობლემა იმაშია, რომ [ქართველების] აბსოლუტური უმრავლესობა არალეგალურად არის დასაქმებული. შესაბამისად, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობის პრობლემა აქვთ და არიან ღირსებაშელახულები. ჩვენ დავიწყეთ აქტიურად, გერმანიასთან შეიძლება უკვე შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავუშვათ რამდენიმე ასეული ადამიანი სეზონურ სამუშაოზე. 2-3 წელიწადში” – ამბობს ივანიშვილი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში “ყველა კუთხეში” გაიხსნება პროფესიული სასწავლებლები.

“თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ქვეყნებთან, გერმანია, საფრანგეთი და სხვა განვითარებული ქვეყნები, გადავამზადებთ პროფესიებს აქ, ჩვენს სასწავლებლებში უფასოდ და რაც სჭირდებათ ზუსტად, მინიმალური ენაც ორ-სამ თვეში და მივავლენთ სამუშაოდ…სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ და ხალხს ღირსება დავუბრუნოთ. რეალური გამოსავალი ეს არის. ჩვენ თუ ამას მოვახერხებთ, შედარებით ღარიბ, დაბალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გახიზნული ჩვენი თანამოქალაქეები შეიძლება შემობრუნდნენ, ლეგალურად პასპორტები განაახლონ და უფრო მაღალანაზღაურებად ქვეყნებში წავიდნენ და დასაქმდნენ. მე ვფიქრობ, 2-3 წელიწადში, გარანტიებს ვერ ვიძლევი ამაზე, მაგრამ აბსოლუტურად რეალურია, ჩვენ ძირითადად მივიღოთ ბალანსი, ვისაც სად უნდა იქ იმუშაოს, მაგრამ იმუშაოს ღირსეულად… დაახლოებით ისე, როგორც ზემო იმერლები, ჩვენ ღარიბი მიწები გვქონდა, ზამთარში მივდიოდით და გურიაში და სამეგრელოში ვმუშაობდით. იცით, რაჭველები და სვანები ჩამოდიოდნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ თავმოყვარეობაშელახული ხალხი. აი, დაახლოებით ეს რომ მოვახერხოთ, ამის გამოყენება მოგვიწევს რამდენიმე ათეული წელიწადი, შემდეგ ბალანსი დადგება, ქართველი სამშობლოს დაუბრუნდება…

ეკონომიკა ვისაც ესმის, ორ მილიონ სამუშაო ადგილის შექმნას ათწლეულები სჭირდება, მაგრამ შეიძლება, რომ 2-3 წელიწადში ყველა ჩვენი მოქალაქე, ვისაც უნდა მუშაობა, ყველა დასაქმდეს ღირსეულად. ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი იმუშავებს ქუთაისში. ეს თუ გადავტეხეთ, თუ 2-3 წელიწადში ეს მოხერხდა, მთლიანად ღირსება შეიძლება აღვუდგინოთ ქვეყანას” – ამბობს ივანიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული