სპორტი

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი – ქართველებს ევრო 2020-ზე ჩვენს ჯგუფში მოხვედრა სურთ

ტარას სტეპანენკომ ევრო 2020-ის გათამაშებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ილაპარაკა – უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველმა ამ კონტექსტში საქართველოს ნაკრები და თანაგუნდელი დათა ხოჭოლავა ახსენა.

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ ერთ ჯგუფში მოხვდებიან ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებები – ასევე, ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის გამარჯვებული, ამ ოთხეულში კი ევროსაგზურისთვის საქართველოს ნაკრები იბრძვის. თუმცა, არის ვარიანტი, რომ განლაგება შეიცვალოს, ამ ჯგუფში მეოთხე გუნდად რუმინეთი დაემატოს და ჩვენ სხვა ჯგუფში ვითამაშოთ.

„როდესაც შესარჩევი ეტაპი დასრულდა, ვიცოდით, რომ ნიდერლანდების წინააღმდეგ ვითამაშებდით. ავსტრიასთან მოხვედრაც მოსალოდნელი იყო. უფრო მეტად იმაზე ვფიქრობდით, რომ პორტუგალია არ შეგვხვედროდა, რადგან ის ტოპ-გუნდია. დანარჩენ გუნდებთან თამაში უფრო შეგვიძლია და მიმაჩნია, რომ წილისყრის შედეგები ნორმალურია. ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის შანსი ყველა გუნდს აქვს. რაც შეეხება მეოთხე გუნდს – ვის ვისურვებდი? ქართველებს ჩვენს ჯგუფში მოხვედრის ძალიან დიდი სურვილი აქვთ. ჩემი თანაგუნდელი დავით ხოჭოლავა ამბობს, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მოხვდებიან. ასე რომ მეოთხე გუნდი ან რუმინეთი, ან საქართველო იქნება“ – ამბობს უკრაინის ნაკრების და დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველი.

Facebook Comments