საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტები: რუსული კულტურის ცენტრის გახსნას ომს გამოვუცხადებთ

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ საქართველოში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნება, მას ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემენ.

როგორც „სირცხვილიას“ წევრი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა, როგორ ებრძოლონ რუსულ პროპაგანდას.

„ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის და ისეთი რეგულაციური ჩარჩოების შექმნა, რაც გამოხატვის თავისუფლებასთან იქნება კონფლიქტში. არსებობს უკვე წარმატებული პრაქტიკა, როგორ ებრძოლონ საკუთარ ქვეყანაში რუსულ პროპაგანდას, შეგვიძლია ეს ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთის მაგალითზე გავაკეთოთ“, – აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

როგორც „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი ამბობს, საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნას, ომს გამოუცხადებენ.

„ ასეთ დროს სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან დიდი როლი აქვს და ჩვენ პირდაპირ ომს გამოვუცხადებთ რუსული კულტურის ცენტრის გახსნას“, – აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

რუსული კულტურის ცენტრის გახსნას ეწინააღმდეგება ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების განხორციელებისას. თუ მაინც გააკეთებენ ამ ყველაფერს, ჩვენ ცენტრს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ მივცემთ,” – განაცხადა დავით ქაცარავამ.

Facebook Comments