„მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ნეილონისთმიანი მძორის დამარხვას მოვესწრო“

ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს:

„გამოგიტყდებით, გუშინდელმა ამბავმა ჩემზე ისე იმოქმედა, თითქოს რკინის ურო ჩაერტყათ თავში. მთელი ღამე ამ უბედურებაზე ფიქრში გავათენე და მინდა ეს ნაფიქრალი გაგიზიაროთ.

ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ მოსახლეობა ისეა გაღატაკებული, დაშინებული და დათრგუნული, რომ მისი მანიპულირება მართლაც ძალიან ადვილია – წახვალ 100 ლარს მიიღებ (თუ ამჯერად 200 ლარამდე ავიდა 30 ვერცხლი?), არ წახვალ, სამუშაოს დაკარგავ. ამ დროს ადამიანმა უნდა იფიქროს მშიერ ბავშვებზე, ბანკის ვალზე, საერთოდ ხვალინდელ დღეზე. ახალგაზრდობა თაობები კი უკვე ოცდაათი წელია საგნმანათლებო კატასტროფის მსხვერპლია. რასაკვირველია, ყველაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ასეთი განწყობა ფართოდ რომ არის გაშლილი, ალბათ დამეთანხმებით. სწორედ ეს იყო ივანაშვილის და მისი ბანდის მიერ კრემლის გეგმის მეთოდურად შესრულების მიზანი.

მაგრამ აქ უკვე უკიდურეს ზომებზეა ლაპარაკი. სრულიად უსაფუძვლოდ ოპოზიციის აქტივისტების თითქმის ყოველდღიურ დაპატიმრებებს რომ თავი დავანებოთ, ივანაშვილს ხარჯებიც ეზრდება. ამას მისი გობსეკის და პატარა ცახესის გული, დარწმუნებული ვარ, ადვილად ვერ გაუძლებს. მისთვის ყოველი ლარის დახარჯვა საკუთარი სისხლის წვეთის გაღებას უდრის. ეგ აფერისტი ისევ ამ ქვეყნის და ამ ხალხის ხარჯზე დაიბრუნებს უკანასკნელ თეთრს. კი, პირუტყვებად გადააქცია მოსახლეობის დიდი ნაწილი. კი, ცხვრის ფარასავით მიერეკება ხალხს საითკენაც უბრძანებს, მაგრამ გამიგია, ცხვარი ცხვარია და თუ გამწარდა ცხარეაო.

ამით არ მიდა ვთქვა, რომ ჩვენი ხალხის კეთილშობილი აღშფოთების, თავმოყვარეობის გაღვიძების და მსგავსი რომანტიული იდეების იმედი მაქვს. ეს ყველაფერი კარგახანია დავივიწყე. მაგრამ უკიდურესობამდე მისული ადამიანი თავის გადასარჩენად მაინც გაიფართხალებს. ხელფეხ შეკრული და სრულიად უსუსური პირუტყვიც კი, როცა სასაკლაოზე მიჰყავთ, ცდილობს თავი გადაირჩინოს. 100 და 200 ლარიც უკვე საკმარისი აღარ იქნება. უფრო მეტიც, მე მგონია, რომ ეხლაც კი, მათ შორის, ვინც გუშინ თბილისში ჩამორეკეს, საკმაოდ იყვნენ ისეთები, რომლებიც თავისუფალი არჩევნების შემთხვევაში, ამ გარეწრებს ხმას ნამდვილად არ მისცემდნენ. უმეტესობა ჩამოსვლასაც ვერ შესძლებდა, რომ არა გასამრჯელო, უფასო ტრანსპორტი და ბორიას „კომკავშირლების“ აქტივობა.

საკვირველი ის არის, რომ ამ საყოველთაო სიბნელესა და გახრწნილობაში კიდევ არიან ისეთები, რომლებმაც სინდისი და ნამუსი შეინარჩუნეს, რომლებიც მზად არიან წინააღდეგობის გაწევისთვის, რომლებსაც გამარჯვების იმედი და რწმენა აქვთ. თავს ვხრი მათ წინაშე! ისტორიულად ყოველთვის ასე იყო. ისეთი რკინა-ბეტონის იმპერია, როგორც საბჭოთა კავშირია, ატომის ბომბას არ დაუნგრევია. არც საყოველთაო და სახალხო აჯანყებები მომხდარა. ამაში უდიდესი წვლილი დისედენტურმა მოძრაობამ შეიტანა, თანაც ისეთ სიტუაციაში, როცა ინფორმაციის და „კრამოლური“ იდეების გავრცელება უაღრესად საშიში იყო და ფარული გზებითა და კავშირებით ხდებოდა. დღეს კი უამრავი სხვა საშუალება არსებობს ხალხს დაანახო, რა ელით მომავალში. მთავარია ამის გაკეთბის მსურველები იყვნენ.

მე მინდა მათ წარმატება და გამარჯვება ვუსურვო. მათი რწმენა ჯერ ისევ მაძლევს იმედს, რომ ეს შავი ჭირი დიდხანს არ გაგრძელდება. დიდი ოპტიმისტი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ როდესაც ვფიქრობ, რომ შეიძლება საქართველო აღიგავოს მიწისგან პირისა, მე, ოთხმოც წელს გადაცილებული ბებერი მზად ვარ ფრჩხილებით და კბილებით ვიბრძოლო. თქვენ კი, ჩემზე ახლაგაზრდებო, ეს აზრი უფრო მეტად უნდა გაწუხებდეთ. აქ თქვენს მომავალზეა ლაპარაკი, მე წინ დიდი დრო უკვე აღარ დამრჩა, მაგრამ მაინც მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ნეილონისთმიანი მძორის დამარხვას მოვესწრო“ – წერს დოდონა კიზირია.

Facebook Comments

ახალი დადებული