სოციალური ქსელები და მედია

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

„იმედის“ ჰოლდინგი გამოთქვმას შეშფოთებას იმ ორმაგი სტანდარტის გამო, რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

„გაუგებარია ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები იმის ფონზე, რომ, სინამდვილეში, თავის დროზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით არაკონკურენტულ გარემოში ჩვენი მაშინდელი პირდაპირი კონკურენტის – ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მაშინ „რუსთავი 2“-მა შეწყვიტა გადასახადების გადახდა და ეს პირდაპირი ეთერით გვამცნო. ამ ტელეკომპანიამ დემონსტრაციულად შეაჩერა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, რითაც მოიპოვა სრულიად უსამართლო და დაუმსახურებელი კონკურენტული უპირატესობა. „რუსთავი 2“ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის „დაზოგვით“ აუმჯობესებდა სამაუწყებლო პროდუქტებს, რაც მაუწყებლის შემოსავლის ზრდის პირდაპირპროპორციულია. თუმცა, მაშინ არც საპროტესტო აქცია გვინახავს და არც არსებული უსამართლო გარემოს მთავარი განმაპირობებლი პირების მიმართ გამოთქმული პრეტენზია მოგვისმენია. ტელეკომპანია „იმედი“, მიუხედავად „რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილებისა, დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდა გადასახადების გადახდას იმ კრიტიკულ მომენტამდე, როცა შეგვექმნა ჩიხური მდგომარეობა და ჩვენი შემოსავლისა და ხარჯის ბალანსმა ფიზიკურად აღარ მოგვცა სრულყოფილი ფუნქციონირების საშუალება. სწორედ ამის გამო გახდა „იმედი“ იძულებული, შეეჩერებინა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

ასევე შეგახსენებთ, რომ, როგორც კი ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მოუწოდა მაუწყებლებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისკენ, ჩვენ უმოკლეს ვადებში წარვადგინეთ დავალიანების გადახდის გრაფიკი და დავიწყეთ მიმდინარე გადასახდის გადახდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენი მიმდინარე დავალიანება შეადგენს ნულს. დარჩენილ დავალიანებას კი, დავფარავთ სრულად, იმგვარი გრაფიკით, რომ ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიები არ დადგნენ დახურვის საფრთხის წინაშე“, – წერია „ტელეიმედის“ განცხადებაში.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიების ტელეკომპანია „პირველის“, „კავკასიისა“ და „რუსთავი 2“- ის ანგარიშებს ინკასო დაედო. შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, რომელმაც ტელეკომპანიებს მიმდინარე, პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასხადელად 24 დეკემბერს ერთდღიანი ვადა მისცა.

23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს ერთდღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად. ეს გადაწყვეტილება არ ეხება ძველ დავალიანებებს. „კავკასიისა“ და ტელეკომპანია „პირველის“ შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგად სხვა ტელევიზიები მათთან მიმართებით უპირატეს მდგომარეობაში არიან.

„იმედის“ იურისტმა, ანდრო ლაშხმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ კომპანიას მიმდინარე დავალიანება არ ერიცხებოდა, შესაბამისად, „იმედს“ კანონით გათვალისწინებული რაიმე ღონისძიება, სავარაუდოდ, არ ექმურებოდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო დავალიანებების მქონე ტელევიზიებს დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით  პირველად 14 აგვისტოს მიმართა. „რუსთავი 2“-ის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მაშინ 28 მილიონი ლარი, ტელეკომპანია „იმედის“ – 19 მილიონი ლარი, „მაესტროსი“ კი 8 მილიონი ლარი იყო.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured